ემიგრანტი ქალის წერილები: „საუბრის დასრულებისას მასწრებს და პირჯვარს მწერს ჩემი ნიკოლოზი“

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...
Sputnik

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

დღეს გაგაცნობთ თელაველი მუსიკის პედაგოგის ირმა ბაზერაშვილის იტალიის ქალაქ ბარიდან მოწერილ გზავნილს, რომელშიც მისი ნაფიქრი და განცდილი ემოციურად და გულწრფელადაა გადმოცემული.

ემიგრანტი ქალის წერილები: „საუბრის დასრულებისას მასწრებს და პირჯვარს მწერს ჩემი ნიკოლოზი“

„ვიდრე არსებობ, სამყარო გამუდმებით გებრძვის, ეკლებივით გესობა განსაცდელი სხეულზე, მაგრამ სულში ჩარჩენილი სიყვარულის კოდი, რომელსაც უფალი სამახსოვროდ გიტოვებს, ამ ეკლებს ფესვს არ ადგმევინებს და ისინიც თავისთავად გცვივა ნაწამები სხეულიდან... ცხოვრება ბრძოლაა, ჩვენ გმირები ვართ! თუ არ გეტკინა და არ იგრძენი იმ ნაეკლარებიდან სისხლის გადმოსვლა, სხვანაირად საკუთარ თავს ვერ იპოვი…

ასე დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება. იქ, ჩემს სამშობლოში დავტოვე გოგონა თავის ემოციებით და განცდებით, სიხარულით თუ ტკივილით. უცხო მიწაზე კი დამხვდა დარდით და სიცარიელით სავსე თეთრი ფურცელი, სადაც თავიდან დავიწყე წერა, საკუთარი თავის შეცნობა და სამყაროს შეყვარება...

ემიგრანტი ქალის წერილები: „საუბრის დასრულებისას მასწრებს და პირჯვარს მწერს ჩემი ნიკოლოზი“

უზომოდ რთულია საყვარელი ადამიანების დატოვება, იმ საქმის დატოვება, რომელიც შენია. არასოდეს დამავიწყდება – ერთი თვე რომ გავიდა, დამხობილი და ჩაფიქრებული, აკანკალებული თითებით როგორ ვუკრავდი შოპენის ვალსს ფანჯრის რაფაზე… თვალცრემლიანი ვიხსენებდი ჩემს მოსწავლეებს, პატარა ანგელოზებს, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი სიხარულით და იმედით ელოდებიან ჩემ დაბრუნებას. ოცი წლის განმავლობაში წილად მხვდა პატივი პედაგოგად მემუშავა. ყოველ ჯერზე მათთან ერთად ვიბადებოდი და ვიზრდებოდი. არ გამწირა უფალმა და საყვარელი საქმე აქაც დიდი სიყვარულით და ძალისხმევით გამაგრძელებინა. დიახ, ჩვენ აქაც ვსწავლობთ ქართულ სიმღერებს. ნეტავ გაჩვენათ ქართველი ბავშვების ბედნიერი სახეები სიმღერის დროს...

ემიგრანტი ქალის წერილები: „საუბრის დასრულებისას მასწრებს და პირჯვარს მწერს ჩემი ნიკოლოზი“

ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ერთ დღეს, ტაძარში გალობის დროს შევამჩნიე არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელსაც თვალები უციმციმებდა, მაგრამ მაინც დარდიანი ჩანდა. მსახურების დასრულების შემდეგ ჩვენმა გულებმა ქრისტესმიერი სიყვარულით ერთმანეთი იცნო და ურთიერთობაც აქედან დაიწყო. მისი დამსახურებით გავიცანი კიდევ ორი ნიჭიერი ქალბატონი და არაჩვეულებრივი კვარტეტი „იავნანა" შედგა.

სწორედ ერთმანეთით, სიყვარულით და სიმღერით მივუყვებით იმ რთულ და ეკლიან გზას, რომელსაც ემიგრანტის ცხოვრება ჰქვია. ერთმანეთს კვირაში ერთხელ ვხვდებით, მაგრამ რეპეტიციებზე იმდენ სულიერ საზრდოს ვიღებთ, რომ მთელი კვირა გვყოფნის. მადლობა, უფალო, იმისთვის, რაც აქ, უცხო მიწაზე გვაქვს...

თუმცა, რაც დრო გადის, მონატრებას ვერავინ და ვერაფერი გვივსებს. გვენატრება შვილებთან ერთად გატარებული ყველა წუთი, მათი სუნთქვა და სუნი გვენატრება. ასეთ დროს თვალებს ვხუჭავ და ლოცვას ვიწყებ ხოლმე. მიუხედავად კილომეტრებისა, მათ გულის ცემას ვგრძნობ, მათი თვალებით ვხედავ სამყაროს, ყოველ ღამეს ხილვებით მათთან ვარ. როცა დილა თენდება, ძალიან მიჭირს ამის აღქმა, მაგრამ სასწაულად მაიმედებს და მაფხიზლებს შვილის მორიგი, ემოციური აქტიურობა ფეისბუქ-გვერდზე, გულში სიყვარულად მეღვრება მისი ტკბილი ნამღერი. ყოველი საუბრის დასრულებისას მასწრებს და მლოცავს, პირჯვარს მწერს ჩემი ნიკოლოზი...

ემიგრანტი ქალის წერილები: „საუბრის დასრულებისას მასწრებს და პირჯვარს მწერს ჩემი ნიკოლოზი“

როგორ გადაგვაქვს მონატრების დღეები მე და ჩემს დას, არ ვიცი როგორ გითხრათ. ჩვენში ვერავის გავაკვირვებ დედმამიშვილური სიყვარულით, მაგრამ ჩვენ ტყუპებივით ვართ, თითქოს ორ სხეულში ერთი სული და გულია, ერთნაირი განცდები და ემოციები. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ერთმანეთის სხივები ვართ და ერთი გულით დაგვაქვს უზარმაზარი სიყვარული...

მენატრება ჩემი თელავი, ქალაქი, რომელიც არც ერთ ქალაქს არ ჰგავს. ამ მონატრებას აქ მხოლოდ ორი თანაქალაქელი მივსებს – ღმერთი საჭირო დროს ადამიანებს ანგელოზებივით გვიგზავნის. ეს ორი ადამიანი – მარიამი და ეკატერინე ჩემს გულში სახლობენ...

ემიგრანტი ქალის წერილები: „საუბრის დასრულებისას მასწრებს და პირჯვარს მწერს ჩემი ნიკოლოზი“

სადაც უნდა იყო, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლე, რადგან შენი სამყაროს შეცვლა მხოლოდ შენვე შეგიძლია, შენივე გულით, სადაც უფალი მუდამ სახლობს, ძალას გმატებს და მარტო არ გტოვებს. ხშირად ვფიქრობ მამა გიორგი ბასილაძის ამ სიტყვებზე: „ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი"...

აქ სხვა ცხოვრებაა, სხვანაირი ხდები, სამშობლოში კი ტოვებ შენი ცხოვრების საამაყო ნაწილს, შენივე „მეს”.  მწამს, ეს ტკივილი დროებითია და ყველა სიხარულით დავბრუნდებით მშობლიურ მიწაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია. თავში კი სულ ეს სიტყვები მიტრიალებს: „სიყვარულისთვის მოვედით ქვეყნად!"

სიყვარულია – მე და შენ რომ ვარსებობთ ადამიანად, ღმერთის ხატად, სიყვარულიდან რომ მოვევლინეთ და ყველა განსაცდელს მშვიდად ვითმენთ.

ადამიანებს სიყვარულის მზე გვაერთიანებს, სხვა ყველაფერი, ალბათ, ოდესმე მტვრად იქცევა...