COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მოქალაქეები უხანიდან საფრანგეთში გადაიყვანეს

შაბათს თურქეთის მოქალაქეებთან ერთად უხანიდან საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ორი კვირის განმავლობაში ისინი ანკარის კლინიკაში კარანტინის პერიოდს გაივლიან
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ფრანგულმა მხარემ ჩინეთის პროვინცია უხანიდან განახორციელა, უკვე საფრანგეთშია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში უკვე დაეშვა. საქართველოს მოქალაქეებს  საფრანგეთში საქართველოს ვიცე-კონსული ესაუბრა.

რეკორდულ ვადებში: უხანში ათას პაციენტზე გათვლილი საავადმყოფო 10 დღეში აშენდა

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან. საფრანგეთში საქართველოს საელჩო კავშირზე რჩება როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე ფრანგულ მხარესთან.

გარდა ამისა,  თურქეთში მყოფ საქართველოს სამ მოქალაქეს, რომელთა ევაკუაცია თურქეთის მოქალაქეებთან ერთად უხანიდან შაბათს განხორციელდა,  უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევა და შედეგად არ დაუდგინდათ კორონავირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო, ორკვირიანი  პერიოდის დასრულებამდე.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ჩინეთიდან დროებით შეაჩერა ფრენები, ასევე ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აეროპორტებსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ყველა მოგზაური მოწმდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ილია მეორე: ახალი ვირუსი გამოჩნდა იმისთვის, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს >>

ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა.

გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არსებობს 19 544 ადამიანის მიმართ, ხოლო კიდევ დაახლოებით 137,6 ათას კაცს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, აკვირდებიან.