საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ

ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ქართველ მწერლებსა და დრამატურგებს, ასევე მონაწილეობა ფლეშმობში მიიღოს
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში მეხუთედ აღინიშნება - დაგეგმილია სხვადასხვა თემატური ღონისძიება, ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის (GPBA) განცხადებაში.

მომავალ წელს უცხოურ ენაზე ქართველი ავტორების 17 წიგნს გამოსცემენ >>

იმისათვის, რომ ღონისძიებებში მონაწილეობა რაც შეიძლება მეტმა მოზარდმა მიიღოს, ღონისძიებების ჩატარება გადაწყდა არა 1 თებერვალს - დღესასწაულის ოფიციალურ დღეს, არამედ 5 თებერვალს, როდესაც სასწავლო დაწესებულებები და ბიბლიოთეკები მუშაობენ.

პარკი „მზიური" ნოდარ დუმბაძის იუბილეს უმასპინძლებს

თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სკოლებში, უმაღლეს დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებში, ლიტერატურულ კაფეებში ყველა მსურველი შეხვდება ქართველ ლიტერატორებთან

მაყურებლის წინაშე წარდგებიან ბასა ჯანიკაშვილი, ბექა ადამაშვილი, გივი ჩიღვინაძე, როსტომ ჩხეიძე, ზვიად კვარაცხელია, ნათია ფურცელაძე და გიორგი ლობჟანიძე. გამოსვლების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

გარდა ამისა, ყველა მსურველი შეძლებს მონაწილეობის მიღებას ფლეშმობში, რომელსაც GPBA გამართავს. ასოციაციის Faсebook-გვერდზე გამოქვეყნდება მომხმარებლების ყველაზე ორიგინალური ვიდეოები, სადაც ისინი წიგნებს საჯაროდ კითხულობენ. ვიდეოს ატვირთვის დროს დაამატეთ ჰეშტეგები #WorldReadAloudDay #WRAD2020.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და 31 მილიონზე მეტ კითხვის მოყვარულს აერთიანებს. საქართველო ამ დღესასწაულს 2016 წელს შეუერთდა.

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld-ის და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.