რას ვჭამთ: თბილისში 23 საცხობი ყველის ხარისხზე შეამოწმეს

შემოწმებული ობიექტების უმრავლესობაში აღმოჩენილია გაურკვეველი წარმომავლობის ყველი, რომელიც ლაბორატორიაში შემოწმდება
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

მოსახლეობას მალფუჭებადი სურსათის შეძენისას გარკვეული წესების დაცვისკენ მოუწოდებენ >>

როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებზე. შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა.

თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნეს-ოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს.

„ვინაიდან, ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.
„რას ვჭამთ?“ – დიდი რაოდენობით უცნაური სითხე, რომელიც ქათმის კანიდან მოედინება – ვიდეო

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.

მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.