ერთდროულად მსხვერპლიცა და დამნაშავეც: საკრებულოს დეპუტატს ბრალი წაუყენეს

ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც სცემეს კოლეგებმა უმრავლესობიდან, მათთან ფიზიკური ანგარიშსწორება გადაწყვიტა. ახლა მას პროკურატურასთან ურთიერთობა ექნება როგორც მსხვერპლსაც და როგორც მოძალადესაც.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილს ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საუბარია 24 იანვრის ინციდენტზე, როდესაც ხაბეიშვილმა საკრებულოს დერეფანში თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი ზარქუას დაარტყა.

ამის გამო ოპოზიციონერ დეპუტატს ჯარიმა ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

პროკურატურა სასამართლოში ხაბეიშვილისთვის აღკვეთის ზომად გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს.

ჩხუბი საკრებულოში: „ოცნების" სამ დეპუტატს ბრალი წარედგინა

გენერალურმა პროკურატურამ პარასკევს ასევე წაუყენა ბრალი საკრებულოს სამ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“: ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას. მათ მიმართ საქმე ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე აღიძრა.

ინციდენტი თბილისის საკრებულოში 24 იანვარს გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომაზე მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა თარაშ შურღაიამ შეურაცხყოფა მიაყენა ხაბეიშვილს კორუფციაზე მისი გამონათქვამების გამო, ხოლო როდესაც მან პასუხის დაბრუნება სცადა, მმართველი პარტიის სამმა დეპუტატმა ხაბეიშვილი წააქცია და მას ცემა დაუწყეს. ისინი მანდატურებმა და დანარჩენმა დეპუტატებმა გააშველეს. ოპოზიციონერ დეპუტატს ჩალურჯებული ჰქონდა თვალი, დაზიანება ეტყობოდა შუბლზეც.