მსოფლიო დღეს

ჩინეთში კორონავირუსის ექსპრეს-ტესტი შეიქმნა: შემოწმების დრო მნიშვნელოვნად მცირდება

კომპანიამ უკვე დაიწყო ექსპრეს-ტესტების წარმოება. დღეისათვის ის უკვე ამზადებს იმდენ ნაკრებს, რამდენიც 4 ათასი ადამიანის შესამოწმებლადაა საკმარისი.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ექსპრეს-ტესტი, რომელიც, მათი თქმით, 8-15 წუთის განმავლობაში ავლენს კორონავირუსს ადამიანის ორგანიზმში. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის ვირუსული დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრძოლა კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციასთან: Facebook-ის საგანგებო განცხადება

კორონავირუსის ნუკლეინმჟავების გამოსავლენად რეაგენტების ნაკრები აღნიშნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ქალაქ უსის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად. ექსპრეს-ტესტი გამოირჩევა მაღალი მგრძნობიარობით, მარტივია გამოსაყენებლად და მოხერხებულია ტრანსპორტირებისას. 

ცნობილი ხდება, რომ ტესტი მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის გამოვლენის დროს და, ამასთან, ავტომატურად მოახდენს მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას (განმარტებას).

ახალი მონაცემები კორონავირუსის შესახებ: ცნობილია, ვინ ხვდება რისკის ჯგუფში

რეაგენტების ამგვარი ნაკრები მნიშვნელოვნად დაეხმარება მედიკოსებს, უსწრაფესად შეამოწმონ ის პაციენტები, ვისაც დაინფიცირების სიმპტომები გამოუვლინდება. ამით შესაძლებელი გახდება, საწყის სტადიაზევე დაისვას დიაგნოზი და დასნებოვნებული პირი იზოლაციაში მოექცეს, რათა დაავადების შემდგომი გავრცელება აღიკვეთოს.

კომპანიამ უკვე დაიწყო ექსპრეს-ტესტების წარმოება. დღეისათვის ის უკვე ამზადებს იმდენ ნაკრებს, რამდენიც 4 ათასი ადამიანის შესამოწმებლადაა საკმარისი. ადგილობრივი ხელისუფლება ეხმარება კომპანიას წარმადობის გაზრდაში. 

საგანგებო ვითარება: კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება – უახლესი მონაცემები

სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, ექსპრეს-ტესტების პირველი პარტია უკვე გაგზავნილია ჰუბეის პროვინციაში.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ამ დროისათვის 9692 დაავადებულიდან 1 527 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 213 გარდაიცვალა, ხოლო 171 პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს. გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 15 238 შემთხვევა. ამასთან, მეთვალყურეობის ქვეშ არის კიდევ 102 427 ადამიანი, რომლებსაც დაავადებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

კომიტეტის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე კორონავირუსი SARS-ის (მძიმედ მწვავე რესპირატორული სინდრომი) ყველა ეპიდემიით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე ცნო ახალი კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარებად.