COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველო და კორონავირუსი: ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება

ვირუსის სიმპტომებით კლინიკებში გადაყვანილ არც ერთ პაციენტს არ აღმოაჩნდა კორონავირუსის ის ტიპი, რომელიც ჩინეთშია გავრცელებული.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა. ქვეყნის შესაბამისი ორგანოები უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან დეტალურ რეკომენდაციებსა და სამოქმედო გეგმას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ აქვთ

ჩინეთში ახალი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა. გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ განგაშის დონე, რომელიც ორი კვირის წინ მხოლოდ ჩინეთში იყო, ახლა მთელ მსოფლიოს ეხება. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო განსაკუთრებულ მზადყოფნაში უნდა იყოს ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებულთათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

უკანასკნელი სტატისტიკა

სტატისტიკური მონაცემები მაინცდამაინც სანუგეშო არ არის. ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 1982-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 9692-ს მიაღწია. აქედან 90 შემთხვევა 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. კორონავირუსისგან უკვე გარდაიცვალა 213 ადამიანი. დაკვირვება წარმოებს რამდენიმე ათას ადამიანზე.

ამ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ჯანდაცვისთვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

რა ვითარებაა საქართველოში

გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ადამიანი მიიყვანეს. ორი მათგანი, ტყუპი ბავშვები ჩინეთიდან არიან, მათ А ტიპის ვირუსი დაუდგინდათ. რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. ორივე ჩინეთიდან ჩამოფრინდა 30 იანვარს. თბილისის აეროპორტში შემოწმებისას მათ მაღალი სიცხე აღმოაჩნდათ. ისინი მოათავსეს სპეციალურ განყოფილებაში იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში იმყოფებოდნენ, ამასთან, ქალბატონი ჩამოვიდა ქალაქ უჰანიდან, რომელიც ინფექციის გავრცელების კერად ითვლება.

ჩინეთში კორონავირუსის ექსპრეს-ტესტი შეიქმნა: შემოწმების დრო მნიშვნელოვნად მცირდება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი თავს კარგად გრძნობენ. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოვიდნენ, ლუგარის ლაბორატორიაში 22 ვირუსზე, მათ შორის, კორონავირუსის ხუთ ქვეტიპზე ორჯერ ჩაუტარეს მოლეკულური გამოკვლევა. მათ არც ერთი მათგანი არ დაუდგინდათ.

საქართველოს ჯერ არ მოეპოვება ლაბორატორიული პრეპარატები და რეაქტივები, რომლებიც კორონავირუსის ჩინეთში გავრცელებული სახეობის დასადგენადაა აუცილებელი. ასეთი პრეპარატები მხოლოდ ჩინეთში, აშშ-სა და გერმანიაში აქვთ. გამყრელიძის თქმით, საქართველო საჭირო მასალას მომავალ კვირაში მიიღებს და ლუგარის ლაბორატორიაში შესაძლებელი გახდება ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის სუბტიპის დადგენა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს 22-დან არც ერთი ვირუსი არ დაუდგინდა, ქართველმა ეპიდემიოლოგებმა გადაწყვიტეს მათი ანალიზების როტერდამში გაგზავნა, იქიდან კი ბერლინში, სადაც კორონავირუსზე ზუსტ ტესტს ჩაატარებენ.

„მუშაობა გრძელდება ყველა ფრონტზე და ყველა მიმართულებით... კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი, თუმცა სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ინფექციის იმპორტი, და თუ ეს მაინც მოხდება, დროულად მიიღოს სათანადო გადაუდებელი ზომები“, – ხაზი გაუსვა გამყრელიძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ფრენები ჩინეთიდან. საქართველომ უკვე აკრძალა ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი. ასევე მოწმდება ყველა მგზავრი საქართველოს აეროპორტებში და მთელ ქვეყანაში დაწყებულია სერიოზული საინფორმაციო კამპანია.

სპეციალისტები პრესას მოუწოდებენ, არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეებს შეცდომაში შეიყვანს. მათი თქმით, საქართველოს აეროპორტებში ჩამოსული მგზავრები მოწმდებიან სპეციალური სკანერებით და მათ ამის შესახებ შეიძლება არც კი იცოდნენ. სპეციალისტების თქმით, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა არ დაუშვას ქვეყანაში ვირუსის გავრცელება.