ქართველი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის – ქეთუსია სახვაძის თავისუფლების ცეკვა

გასული წელი მისთვის წარმატებული იყო, ამის დასტურად საკმარისია თუნდაც იმის გახსენება, რომ 2019 წელს მსოფლიოში “კონტემპორარის” 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის დაასახელეს...
Sputnik

მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ „კონტემპორარი” – ცეკვის დამოუკიდებელი მიმდინარეობაა, რომელიც კლასიკური ბალეტის, მოდერნ-ბალეტის და ჯაზის ელემენტებზე ჩამოყალიბდა. ის ულამაზესი სანახაობაა და აქვს საკუთარი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტექნიკური ბაზა, რომელიც ყველა სხვა ცეკვისგან განსხვავდება. საცეკვაო ხელოვნების ამ ჟანრში ქეთუსია სახვაძეს იცნობენ როგორც წარმატებულ დამოუკიდებელ მოცეკვავეს და ქორეოგრაფს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის დასებთან თანამშრომლობს. პარიზში მან წარადგინა გია ყანჩელის გენიალურ მუსიკაზე შექმნილი პერსონალური ნამუშევარი, რომელიც ქართველ ქალს და საქართველოს მიუძღვნა. დღეს თავის ამერიკელ პარტნიორთან ერთად საერთაშორისო დუეტის Duo წევრია. თბილისში აქვს ცეკვის სტუდია „ქეთუსია დენს ენდ მორ". 

ქართველი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის – ქეთუსია სახვაძის თავისუფლების ცეკვა

- ქეთუსია, თქვენ მსოფლიოს ოც საუკეთესო მოცეკვავეს შორის დაგასახელეს. ეს ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა თქვენთვის თუ მიზანმიმართულად მიდიოდით ამისკენ?

- დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით. ეს ჟანრი ძალიან პოპულარული და განვითარებულია ევროპასა და ამერიკაში. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ ჟანრით უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა დაინტერესდება. რაც შეეხება 2019 წელს, ჩემთვის მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. პირველ რიგში, პარიზის ცეკვის აკადემიამ 100 შერჩეული აპლიკანტიდან „კონტემპორარის“ მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით ტოპ-20 მოცეკვავეს შორის დამასახელა. ამის შემდეგ პარიზში ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე სამუშაოდ მიგვიწვიეს. რამდენიმე კვირის მანძილზე ევროპისა და ამერიკის წამყვან დასებთან და ქორეოგრაფებთან „კონტემპორარის“ ჟანრში ვმუშაობდით. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები როგორც ევროპასა და აზიიდან, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან. მე ჩემს ულამაზეს ქვეყანას – საქართველოს წარმოვადგენდი, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო.

- მსოფლიოს რომელ წამყვან დასებთან მოგიწიათ მუშაობა?

- მე ვიმუშავე ისეთ წამყვან დასებთან და ქორეოგრაფებთან, როგორებიც არიან: ULTIMA VEZ Company – Rob Hayden (ბელგია); Toula LIMNAIOS Company (გერმანია); Miguel PEREIRA (პორტუგალია); Olivier GERMSER (საფრანგეთი); Mehdi FARAJPOUR (საფრანგეთი); Katie DUCK (აშშ-ნიდერლანდები). ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის, შესანიშნავი კომპოზიტორის იური კუნეტსისა და დირიჟორ ლი ჰოლდრიჯის კოლაბორაციული ნამუშევარი, რომელშიც „კონტემპორარის“ ჟანრში სოლო პარტიის შესრულება მე შემომთავაზეს. ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვინაიდან საერთაშორისო მასშტაბის პროექტს წარმოადგენს. გასული წლის მაისში ბერლინში II საერთაშორისო ეკო-არტ ფესტივალზე ჩემი პერსონალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი „წითელი ჩიტი“ (Red Bird) სოლო პერფორმანსის სახით წარვადგინე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ბერლინი ევროპის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია, სადაც „კონტემპორარის“ და მისი ქვე-ჟანრების მიმართულებით სხვადასხვა მასტერ-კლასებზე დასწრება ხშირად მიწევს.

- პარიზში გია ყანჩელის მუსიკაზე დადგმული თქვენი პერსონალური ნამუშევარი ქართველ ქალს და საქართველოს მიუძღვენით. რომელი ნაწარმოებით გადმოეცით ეს თემა?

- ჩემი ეს პერსონალური ნამუშევარი პარიზის ცეკვის აკადემიის გალა-კონცერტზე (ფინალურ შოუზე) წარვადგინე. ჩვენ გვქონდა დავალება, რომ „კონტემპორარის“ ჟანრის საშუალებით მოგვეყოლა რაიმე ამბავი და შინაგანი ემოციები ცეკვის საშუალებით გადმოგვეცა. რაც შეეხება კონკრეტულ თემას, ვფიქრობ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის გია ყანჩელის გენიალური სიმღერა „ჰერიო ბიჭებო“ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და ქართულ ემოციას საოცრად ზუსტად გამოხატავს. მისი საშუალებით ცეკვით „მოვყევი“ ქართველ ქალზე, მართლაც გმირზე, რომელიც მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე უდიდეს ტვირთს ატარებდა და მისი ტარება ახლაც უწევს. მინდოდა ჩემი ქვეყნის სიყვარული ქორეოგრაფიული ნამუშევრით გამომეხატა. მიხარია, რომ საფრანგეთში ის დადებითად შეაფასეს და მასზე საინტერესო კლიპიც მომზადდა. კლიპის გადაღება თავად აკადემიის სურვილით მოხდა.

ქართველი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის – ქეთუსია სახვაძის თავისუფლების ცეკვა

- პარიზის ცეკვის აკადემიაში გატარებული პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- ეს დრო ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის ძალიან საინტერესო იყო. ყოველკვირეულად სხვადასხვა დასებთან მუშაობა გვიწევდა. თითოეულს თავისი სტილი და მიდგომა ჰქონდა „კონტემპორარისადმი“. ძალიან საინტერესო იყო ბერლინის „კონტემპორარის“ დასის ხელმძღვანელთან მუშაობა, რომელიც თავად ამ ჟანრის გენიოსის პინა ბაოშის სკოლის უშუალო წარმომადგენელია. მასთან ერთად უფრო კარგად ჩავწვდი „კონტემპორარის“ ტექნიკურ სიღრმეებს. ასევე საინტერესო იყო პროექტის შემქმნელთან მუშაობა, რომელიც პარიზის დასის „ორიენ-თეატრის“ ხელმძღვანელია. ამ ადამიანებს კოლოსალური მიღწევები აქვთ ამ ჟანრში და მათი ნამუშევარი სრულიად ახალი სიტყვაა. მათთან მუშაობამ განვითარება მომცა არა მხოლოდ როგორც მოცეკვავეს, არამედ როგორც ქორეოგრაფსაც.

- საერთოდ ცეკვით როდის და როგორ დაინტერესდით?

- ეს იყო ბავშვობაში, როდესაც ვნახე სპექტაკლი „მაკნატუნა“, მაშინ სულ რაღაც ხუთი წლის ვიყავი. ვიგრძენი, რომ ცეკვა ჩემი სულის ამოძახილია. თუმცა, რა თქმა უნდა, გარდამავალი პერიოდებიც იყო. ცეკვის სამყარო ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს. დავამთავრე ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელი და უმაღლესი რანგის პროფესიონალის, დამსახურებული პედაგოგ-მეთოდისტის, ქალბატონ ნინა დიდებულიძის მოსწავლე ვარ. ამის შემდეგ უდიდესი ხელოვანის ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასიდან მივიღე შემოთავაზება, რითიც ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ყველაფერი ისე ვერ ეწყობა, როგორც გინდა. ასეთ დროს საყვარელი საქმისგან პაუზის აღება გიწევს. ბედნიერი ვარ, რომ ეს პაუზა დიდხანს არ გაგრძელდა და ჩემს საყვარელ საქმეს მალე დავუბრუნდი.  

ქართველი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის – ქეთუსია სახვაძის თავისუფლების ცეკვა

- სულ ახლახან გახდით ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკა-საქართველოს პროექტის Duo მონაწილე, რას წარმოადგენს ეს პროექტი?

- პარიზში ჩემი და ჩემი კოლეგის მორგან ბრაუნის ერთობლივმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ საერთაშორისო დუეტის შექმნა შემოგვთავაზეს. ჩვენი ერთობლივი ქორეოგრაფიული ნამუშევარია “დრო” - Time, რომლის მთავარი იდეა ადამიანური ღირებულებების წარმოჩენაა. ჩვენ მივიღებთ იმ პროექტებში მონაწილეობას, სადაც ერთობლივად წარვადგენთ ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ნამუშევარს. ჩემი მთავარი მოტივაცია საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ 100 პროცენტით უნდა დავიხარჯო და გავაკეთო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ყოველდღიური გზა, რომელსაც გავდივარ ხოლმე, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესოა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც შენი შრომის შედეგს ხედავ – ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაძლევს.

ქართველი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის – ქეთუსია სახვაძის თავისუფლების ცეკვა

- საქართველოში ბავშვებისთვის „კონტემპორარის“ ცეკვის ფედერაცია დააარსეთ, რა გეგმები გაქვთ?

- „კონტემპორარი“, ჩემი აზრით, “თავისუფლების ცეკვაა”. დიდი ხანია მქონდა სურვილი, რომ ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და მოთხოვნად მიმართულებას საკუთარი ბაზა საქართველოშიც ჰქონოდა. მასში გაერთიანდებოდა ამ ჟანრის ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც მას ყოველდღიურად ემსახურება. ამიტომ დავაარსე საქართველოს „კონტემპორარის“ ცეკვის ფედერაცია, რომლის მთავარი მიზანია ამ ჟანრის განვითარება და პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. პირველი პროექტი, რაც განვახორციელეთ, ამერიკელი სპეციალისტის მასტერ-კლასი იყო. მოვიწვიეთ ჩემი კოლეგა მორგან ბრაუნი, რომელიც მაღალი დონის მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგია. ის არის ფლორიდის შტატის პროფესორი და კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხის მფლობელია. მიხარია, რომ დღეს ძალიან კარგი და საინტერესო სპეციალისტები გვყავს და თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული სტილი აქვს. ფედერაციას ბევრი საინტერესო პროექტი და გეგმა აქვს, რათა ახალ თაობას განვითარების უფრო მეტი საშუალება მისცეს.

- სცენაზე ლამაზ სანახაობას ქმნით, თუ გრჩებათ დრო იმისთვის, რომ სამყაროს სილამაზით დატკბეთ?

- მართლაც, ხშირად ჩვენს ირგვლივ არსებულ სილამაზეს ვერ ვამჩნევთ. მიზეზი – პირადად ჩემთვის – გადატვირთული რეჟიმი და მოუცლელობაა. თავს მუდმივად ამით ვიმართლებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ საუკუნის პრობლემაა. არადა, ჩემთვის არაფერია იმაზე მშვენიერი და სრულყოფილი, როგორც თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღე – გათენებიდან დაღამებამდე. უბრალოდ ზოგჯერ სურვილი გვიჩნდება, რომ ჩვენს რუტინას გარედან, ამ სილამაზიდან შევხედოთ და სასიამოვნოდ გაგვეღიმოს...