COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე კორონავირუსის შესახებ: პანიკის გარეშე! ჩვენ ჯერ კიდევ მწვანე ზონაში ვართ!

საქართველოში უკვე იღებენ პრევენციულ ზომებს ქვეყანაში კორონავირუსის შემოღწევის აღსაკვეთად: შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, ჯანდაცვის სამინისტრო სრულ "საბრძოლო" მზადყოფნაშია.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, საქართველოს პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არა აქვს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

პრემიერი: საქართველო კორონავირუსის დასახვედრად მზადაა>>

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ინფიცირებულია 7,7 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან 20%-ში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ერთ დღეში 1,7 ათასზე მეტი ადამიანი დასნებოვნდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 170 ადამიანი. ეს კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების მესამე შემთხვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში, აღნიშნა გამყრელიძემ.

„ჩემი თხოვნაა – პანიკას არ აჰყვეთ. დღეს პანიკის მიზეზი არ გვაქვს. მაგრამ ვითარება მსოფლიოში სერიოზულია. ჩვენ ჯერჯერობით მწვანე ზონაში ვიმყოფებით, ანუ ვართ დაბალი რისკის ქვეყანა. ჩვენ არ გვქონდა პირდაპირი რეისები უჰანთან, ინფექციის ძირითად კერასთან, მაგრამ ის მთელ ჩინეთში გავრცელდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინფექციის 60% კონცენტრირებულია უჰანში. საქართველოში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მზადებაა", – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, 29-30 იანვარს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვიდა 110 ჩინელი, გავიდა ჩინეთის 129 მოქალაქე. სპეციალისტები საქართველოში განაგრძობენ ყველა იმ ადგილის შემოწმებას, სადაც დასახლებული არიან სხვადასხვა სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული ჩინელი მუშები.

როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსი: საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა

ის პრევენციული ზომები, რაც დღეს საქართველოში ხორციელდება, საკმარისია, აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ საჭიროა მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ბრიფინგზე სპეციალისტებმა ყველას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს. მათი თქმით, საქართველოს აეროპორტებში ჩამოსულმა ადამიანებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ გადიან სპეციალურ შემოწმებას, რადგან ეს სკანერებით ხდება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ყველანაირ ზომას იღებს იმისთვის, რათა ქვეყანაში ეს ვირუსი არ გავრცელდეს.

საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეაჩერა>>

ქართველი ეპიდემიოლოგები პირობას დებენ, რომ სისტემატურად გამართავენ ბრიფინგებს და მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას წარუდგენენ კორონავირუსის გავრცელების შესახებ.