ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ცხოველთა მეფის დაბრუნება – როგორ აღადგინეს რუსეთში გადაშენებული სახეობა

დომბა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია, მამონტებსა და ბეწვიან მარტორქებთან ერთად გამყინვარების ეპოქის ფაუნის განუყოფელი ნაწილი.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. XX საუკუნის პირველი ოცდაათი წლის განმავლობაში დომბები პრაქტიკულად გადაშენდნენ. ამჟამად პოპულაცია აღდგენილია. მაგრამ საფრთხე სხვადასხვაგვარი არსებობს: მონათესავე პოპულაციებთან შეჯვარება, საძოვრების სიმწირე, ბრაკონიერები. იშვიათი სახეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს კვლევები და სელექციური სტრატეგია. „რია ნოვოსტიმ“ გადაწყვიტა, მკითხველს საგანგებოდ დომბებისთვის შექმნილ ნაკრძალში არსებული გარემო გააცნოს.

გამყინვარების ეპოქის სიმბოლო

დომბა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია, მამონტებსა და ბეწვიან მარტორქებთან ერთად გამყინვარების ეპოქის ფაუნის განუყოფელი ნაწილი. დომბები ბინადრობდნენ ტერიტორიებზე პირინეის ნახევარკუნძულიდან დასავლეთ ციმბირამდე, ასევე კავკასიასა და სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. მათ არ ჰყავდათ ბუნებრივი მტერი და მარტივად გაუძლეს კლიმატის ცვლილებებსა და ადამიანის წინაპრების ექსპანსიას.

ცხოველთა მეფის დაბრუნება – როგორ აღადგინეს რუსეთში გადაშენებული სახეობა

მაგრამ თანამედროვე ადამიანები მეტისმეტად სასტიკნი აღმოჩნდნენ. ამ ამაყი ცხოველების თავები ერთ დროს მონადირეების საპატიო ნადავლად ითვლებოდა. დომბებს ხორცისა და ტყავის გამოც ხოცავდნენ.

1920-იან წლებში ერთ დროს მრავალრიცხოვანი პოპულაციიდან მხოლოდ 48 ცხოველიღა შემორჩა ევროპის ზოოპარკებსა და კერძო მეურნეობებში. გადაწყდა სახეობის შესანარჩუნებლად ზომების მიღება.

დომბებისთვის ნაკრძალის გასახსნელად შესაფერისი ტერიტორია მდინარე ოკას სანაპიროზე, მოსკოვის ოლქის სამხრეთ საზღვარზე აღმოაჩინეს. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს ბიოლოგებმა გაარკვიეს, რომ აქაური ფლორა განსაკუთრებული იყო. მიჩნეულია, რომ უნიკალური ბუნებრივი გარემო გამყინვარების ეპოქის გადმონაშთია. ამ ეკოსისტემის შესანარჩუნებლად 1945 წელს ტერიტორიაზე ნაკრძალი გაიხსნა.  

სწორედ აქ დაიდეს ბინა დომბებმა 1948 წლიდან. ხუთი სუფთა სისხლის დომბა პოლონეთიდან ჩამოიყვანეს. სწორედ მათგან დაიწყო სახეობის აღდგენა.

ჯოგის წინამძღოლი

ბუნებრივ გარემოში დომბები ჯოგებად ცხოვრობენ. ჯოგში 10-15 ცხოველია. ისინი ჯგუფებად ნაწილდებიან: მდედრები ხბოებთან ერთად, თავისუფალი მდედრები და ახალგაზრდა მამრები. დომბებთან მატრიარქატია, ყველა უფროს მდედრს ემორჩილება.

ცხოველთა მეფის დაბრუნება – როგორ აღადგინეს რუსეთში გადაშენებული სახეობა

ნაკრძალში ცხოველების ქცევა განსხვავებულია. ისინი ყოველდღიურად დიდი მონდომებითა და ზოგჯერ აგრესიულადაც კი იცავენ თავიანთ ტერიტორიას. მდედრებს ხბოს მოგება ყოველ წელს შეუძლიათ.

ნაკრძალის დათვალიერების საუკეთესო დრო ზამთარია, რადგან ამ სეზონზე დომბები საკვების ახლო-მახლო ტრიალებენ და მათი დანახვა მარტივად შეიძლება.

გვიან გაზაფხულზე ისინი ვოლიერების სიღრმეში გადაინაცვლებენ ხოლმე. მაგრამ ტურისტები ხელცარიელი რომ არ გაბრუნდნენ, საჩვენებელ ვოლიერში ყოველთვის იმყოფება ერთი-ორი „პენსიონერი“ დომბა.

ნაკრძალის თანამშრომლები ცხოველებს დღეში ორჯერ კვებავენ, მუდმივად ამარაგებენ წყლით, ანალიზებსაც ხშირად უკეთებენ.

წამოზრდილ დომბებს წლის ბოლოს ქვეყნის ეროვნულ პარკებში გზავნიან. ახალგაზრდა ცხოველები უფრო იოლად ეჩვევიან თავისუფლებას და უფროსი მდედრის ან მამრის წინამძღოლობით ჯოგს ქმნიან.

2017 წელს ერთი ასეთი ჯგუფი, რომელიც 12 ახალგაზრდა ცხოველისგან შედგებოდა, ნაკრძალის ქარიშხლისგან დაზიანებული ღობიდან გარეთ გავიდა. დომბებს რამდენიმე კვირა იჭერდნენ. საბოლოოდ, ნაკრძალის ტერიტორიაზე ისინი სამხედროებისა და მოხალისეების ძალისხმევით დააბრუნეს.

გენეტიკა

ბოლო წლებში ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევებმა დომბებისა და მათი უახლოესი ნათესავების – ბიზონების ისტორიაში ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. ცნობილია, რომ ორივე სახეობა ველური მოკლერქიანი ტყის ხარისგან დაახლოებით 1,5 მილიონი წლის წინ წარმოიშვა. დაყოფა დაიწყო, როდესაც ცხოველების ნაწილი ევრაზიიდან ახალი მიწების ასათვისებლად ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა.

ხმელეთის ის ნაწილი, რომლის გავლითაც ცხოველები ამერიკის კონტინენტზე გადავიდნენ, წყლით დაიფარა, ჩლიქოსნები სამშობლოსგან მოწყვეტილი აღმოჩნდნენ და მრავალი ათასწლეულის განმავლობაში განიცდიდნენ ევოლუციას. ამჟამად ბიზონების ორ სახეობას გამოყოფენ: ტყის და ველის ბიზონებს.

ევროპაში დომბების ორი ქვესახეობა ჩამოყალიბდა – დაბლობისა და კავკასიისა.

დომბები და ბიზონები ერთმანეთს ჰგვანან. მაგრამ საარსებო გარემო, იერი და ქცევა განსხვავებული აქვთ. ბიზონები უფრო მუქები არიან, აქვთ შედარებით ფართო მკერდი, რომელიც გრძელი და ხშირი ბეწვითაა დაფარული. ახალდაბადებული ხბოები ხასხასა ბალახის ფონზე მოწითალო-მოყვითალო ფერისა ჩანან. განსხვავების დანახვა ნაკრძალშიც შესაძლებელია.

თანამედროვე დომბების წინაპრები უჩვეულო „ჰიგსის ბიზონები“ იყვნენ, „ჩვეულებრივი“ პრეისტორიული ბიზონებისა და თანამედროვე ძროხებისა და ხარების ჰიბრიდები, რაზეც მეცნიერებმა შეიტყვეს ძველისძველი დნმ–ანალიზისა და საფრანგეთის გამოქვაბულებში აღმოჩენილი ნახატების წყალობით.

პერიოდულად სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდებოდა პუბლიკაციები იმაზე, რომ დომბების რუსულ პოპულაციაში ჰიბრიდები იყვნენ, რომლებიც დომბების, ბიზონებისა და ნაცრისფერი უკრაინული რქოსანი პირუტყვის შეჯვარების შედეგად დაიბადნენ.

ნაკრძალის დომბების დნმ შეადარეს დომბების სხვა პოპულაციების ანალიზებს, რომელთა სუფთა წარმომავლობა დამტკიცებული იყო, ასევე გაყინულ ბიომასალას. კვლევებში გერმანელი და პოლონელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. ეროვნული ნაკრძალის ბინადრები სუფთა სისხლის დომბები აღმოჩნდნენ.

ამჟამად სულ მსოფლიოში შვიდი ათასამდე ინდივიდია. ეს გადაშენებული სახეობის აღდგენისა და განსახლების ერთადერთი წარმატებული მაგალითია. თუმცა დომბა კვლავ იშვიათ ცხოველად ითვლება. რუსეთში დომბები წითელ წიგნში პირველ ნომრად არიან შეტანილი. და ამ სტატუსის ჩამორთმევა მათთვის ჯერ ნაადრევია.