COVID-19 - ბოლო ცნობები

პრემიერი: საქართველო კორონავირუსის დასახვედრად მზადაა

მთავრობამ შეიმუშავა საგანგებო გეგმა, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი კონკრეტული სახელმწიფო უწყებების ქმედებები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მინიმიზაციის კუთხით.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში სრულად არის მზად გამოწვევას ეფექტიანად უპასუხოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი ტიპით 2019-nCoV გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 7,7 ათას ადამიანს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 170-მდე გაიზარდა. დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ტიბეტშიც. ეს ქვეყნის ბოლო რეგიონია, სადაც აქამდე არ გამოვლენილა დაინციფირების შემთხვევები. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანზე, ასევე ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიაში, ფინეთში.

„პირველ რიგში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტის თაობაზე და, შესაბამისად, ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა. თუმცა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეს სრულად არის მზად, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში ამ გამოწვევას ეფექტურად უპასუხოს", – განაცხადა გახარიამ.

როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსი: საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა

მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს საქართველოში დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაევალა თავისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენისთვის პროტოკოლის შედგენა, ჯანმოს ლაბორატორიაში ყველა საეჭვო და დადებითი შედეგის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციის უზრუნველყოფა, მედპერსონალისთვის ჯანმოს რეკომენდაციების გაცნობა და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კონტროლის გამკაცრება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოება, პაციენტების ტრანსპორტირებაში დახმარება და ყველა სახელმწიფო და სტრატეგიული ობიექტის დაცვის უზრუნველყოფა.

პოლიციის და საბაჟოს თანამშრომლები გამშვებ პუნქტებზე შემოსულ მგზავრებს დაურიგებენ სპეციალურ "სამახსოვროს" და ჩამომსვლელთა შესახებ მონაცემებს შეაგროვებენ მაღალი საფრთხის შემთხვევაში.

ზემოჩამოთვლილის გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებს უნდა აცნობოს, რომ მათი ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა და რომ საქართველოში დაავადების გავრცელების შემთხვევაში დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება.