ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: გამოსვლის ძირითადი თეზისები

დემოკრატიის, კონფლიქტების და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ძირითადი პრობლემები გახდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი თემა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.
Sputnik

ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოში რთული ვითარების ფონზე წარდგა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია, საქართველოს დედაქალაქში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ხელისუფლებას სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ მისი გადაწყვეტილებების გამო. თავად საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ გამხდარა მოსახლეობისა და ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი.

საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გახდა პირველი იმ მომენტიდან, რაც საქართველომ 2019 წლის ნოემბერის ბოლოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტს ექვსი თვის განმავლობაში, 2020 წლის მაისამდე პირველად უხელმძღვანელებს.

არჩევნები

თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოსთვის მთავარ თემას – საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

„საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 2019 წლის ზაფხულიდან აქტიურად მუშაობს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. ამ ჯგუფში არა მარტო საპარლამენტო პარტიები, არამედ კვალიფიციური პოლიტიკური ჯგუფებიც მონაწილეობენ. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის საქართველომ გააუმჯობესა პირობები და ყოველი შემდეგი არჩევნები იყო უკეთესი. მოსახლეობის ნდობის მისაღებად და არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მიმდინარე მუშაობის შედეგად გაუმჯობესდება კოდექსი და  გაიზრდება შესაბამისი სტანდარტები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„სინამდვილეში, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსა და დემოკრატიას, ზოგადად, ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ პოლიტიკური ცხოვრების ფართომასშტაბიანი და მზარდი პოლარიზაცია უქმნის. იგი ისეთივე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როგორც კიბოს მეტასტაზები – ორგანიზმზე. ეს დიდი გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის და არც საქართველოა გამონაკლისი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

თავისი მისიის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა თავის როლზე არჩევნებთან დაკავშირებით და მთლიანობაში საქართველოს პრეზიდენტის როლზე, განსაკუთრებით მთავარი საკითხების მიმართ მისი ნეიტრალიტეტის ფონზე.

„ჩემი იმედი და მიზანია, ქართველმა საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა მოახმაროს შერიგებას და საერთო საფრთხის წინაშე გაერთიანებას. მე მონდომებით ვერიდები პოლარიზაციაში ჩათრევას და მჯერა, რომ მხოლოდ ღირებულებებისა და პრიორიტეტების გარშემო მიღწეული თანხმობით შეძლებს საქართველო, გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, გააძლიეროს თავისი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ადამიანის უფლებების დაცვა

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს.

„ჩვენ ვალდებული ვართ" – საქართველოს პრეზიდენტი მზადაა გაზაფხულზე რუსეთის დელეგაცია მიიღოს

„საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც მთლიანად აღიარებს მის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ენობრივ, კულტურულ და რელიგიურ იდენტობას და მათ დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ ერთად ვვითარდებით საუკუნეების განმავლობაში და ეს მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ადამიანის უფლებების შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა, როგორც მაგალითი, ახსენა საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს დაემატა ახალი მუხლები – სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვის კუთხით. მან ამ სფეროებში არსებული პრობლემებიც დაასახელა.

„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა. ლგბტ საზოგადოების (პრაიდის) მიერ საჯარო გამოსვლების მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის“, – განაცხადა პრეზიდენტმა თავის სიტყვაში.

სიტყვის თავისუფლება

პრეზიდენტი ასევე შეეხო ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დაცვის თემას. განსაკუთრებით აქტუალური იყო მისი გამოსვლა ტელეარხ „რუსთავი2“-ის მფლობელთა შეცვლასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების კრიტიკის კონტექსტში. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

„დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კონფლიქტების შესახებ

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი შეეხო ასევე კონფლიქტების თემას – მან აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ისინი მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაჭრას.

„ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გახლავთ ჩვენი მიზნის დემონსტრირება... ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის აღდგენას გაყოფილ საზოგადოებებს შორის... მჯერა, რომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას... ჩვენ გვჭირდება ყველას ჩართულობა და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კონფლიქტების მოგვარების გზა ვიპოვოთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.