კალაძე დიზაინერებს მეტროს სადგურების განახლებაში ჩართვას სთავაზობს

თბილისის მერს სურს, რომ თბილისის მეტროპოლიტენის სადგურები საუკეთესო იყოს და მიიჩნევს, რომ დიზაინერების გარეშე ეს საქმე ვერ მოგვარდება.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დიზაინერულ კომპანიებს დედაქალაქის მეტროს სადგურების განახლების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: რა შეიცვლება>>

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროპოლიტენის სადგურების განახლების პროექტის უშუალო განხორციელება დიზაინის შემუშავების შემდეგ დაიწყება.

„ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დაწყებული გვაქვს მეტროში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძალოვანი კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების განახლება-ჩანაცვლება და ა.შ. ყველაზე მთავარი კი არის ჩვენი მეტროს სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები და გვინდა ვთხოვოთ ყველა იმ კომპანიას, ვინც დიზაინით არის დაკავებული, აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ", – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია კომპანიებს მეტროს სადგურების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

თბილისის მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს

„დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით მეტროს სადგურების საუკეთესო დიზაინი გვექნება", – აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ დიზაინის შექმნისთვის აუცილებელი გარკვეული კვლევები უკვე ჩატარდა.

„დღეს უკვე გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია. შემდეგი ეტაპი ვიზუალიზაცია და დიზაინია. მინდა შესაბამის სტრუქტურებს გთხოვოთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რათა ჩვენი მეტროს სადგურები ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. დიზაინის შემუშავების სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ამისთვის საკმარისი თანხებიც გაგვაჩნია", – აღნიშნა კალაძემ.

„ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მეტროს სადგურის მშენებლობა იგეგმება>>

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზის საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ და მეორე - 17 კმ).