საქართველოში რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა: EMC შეშფოთებას გამოთქვამს

2019 წელს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ 3,1 ათას საქმეზე სასამართლომ მხოლოდ 11 შემთხვევაში გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოში ნარკოპოლიტიკა კვლავ რეპრესიულია და დასჯაზეა ორიენტირებული, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ანგარიშში.

EMC-ს ანგარიშში „ნარკოპოლიტიკა საქართველოში - 2019 წლის ტენდენციები“ ნათქვამია, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ჯერ კიდევ მკაცრია.

ძირითადი ტენდენციები და პრობლემები ნარკოპოლიტიკის საკითხში

კვლევის თანახმად, ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესი განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული. პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული საკითხი შესული არ არის 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში, რაც მიუთითებს ამ რეფორმისადმი ხელისუფლების არასათანადო სერიოზულ მიდგომაზე.

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: ფონიჭალაში ექვსი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს

2019 წელს გაიზარდა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის საქმეების მაჩვენებელი. გაიზარდა ნარკოტესტირებას დაქვემდებარებული პირების რიცხვი.

2018 წელთან შედარებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები იშვიათად მთავრდება საპროცესო შეთანხმებით.

ამ დრომდე ქვეყანაში არ შექმნილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, რომლის შექმნის ვალდებულებაც მთავრობას 2015 წლიდან აქვს დაკისრებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ნარკომანიის სფეროში პოლიტიკის რაციონალურად და სამართლიანად განხორციელებისთვის არ ხდება სრულფასოვანი სტატისტიკის წარმოება.

ამასთან ერთად, კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ძალზე დაბალია დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტები. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისია პოლიციელთა ჩვენებები და ქიმიური ექსპერტიზა.

EMC-ს რეკომენდაციები

კანონმდებლობასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად EMC პარლამენტს, მთავრობას და სასამართლოს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.

ორგანიზაცია პარლამენტს სთავაზობს, განაახლოს კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტში 2017 წლის 22 ივნისს შევიდა. მისი მიღება რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უფრო ჰუმანურს გახდის.

პარლამენტს ურჩევენ ახალი კანონმდებლობის მიღებამდე გამოაცხადოს ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის უკანონოდ გასამართლებული პირების ამნისტია ან შეწყალება.

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შეიქმნა

ამასთანავე საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაცია ეძლევა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ნარკოტიკების მომხმარებელთა საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

საქართველოს მთავრობას რეკომენდაცია ეძლევა, შექმნას ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი და შეკრიბოს ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ხელისუფლებას ნარკოსტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.

ნარკოდანაშაული გაიზარდა

EMC-ს ინფორმაციით, საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მაჩვენებელი თითქმის 100%-ს აღწევს. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებზე 2019 წელს გამამტყუნებელი განაჩენი 3,1 ათას შემთხვევაზე გამოიტანეს და მხოლოდ 11 საქმეზე გამოიტანა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 6,1 ათასი ნარკოდანაშაული გამოვლინდა. მათგან 3 ათასზე მეტი – შენახვა-მოხმარება-რეალიზაციისთვის.

მთლიანობაში, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ნარკოდანაშაულის რაოდენობა გაიზარდა 54%-ით, საქმეების გახსნის მაჩვენებელი – დაახლოებით 75%.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში ნარკოტიკები რამდენიმე გზით შემოდის. ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკები აღმოსავლეთიდან „ფონიჭალის არხით“ შემოდის. მეორე არხი არის ევროპა, საიდანაც „კლუბური ნარკოტიკი“ შემოდის, მესამე კი ინტერნეტია.