საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დათო სარალიძის მკვლელს პატიმრობის ვადა შეუმცირა

გიორგი ჯანაშიამ თავისი თანატოლის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და ამით მას თავისი სხვა თანატოლის მკვლელობისთვის პატიმრობის ვადა შეუმცირდა.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო გარიგების სანაცვლოდ პატიმრობის ვადა შეუმცირა, იუწყება პირველი არხი.

2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზაზა სარალიძე: „ყოველთვის მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ“ >>

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საპროცესო გარიგების საფუძველზე სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ ჯანაშიას საპატიმრო ვადა შეუმცირა – 11 წლისა და 3 თვის ნაცვლად 8 წლით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან რვიდან ოთხ წელს ჯანაშია საპატიმროში გაატარებს, კიდევ 4 წელს პირობითი მსჯავრის ქვეშ გაატარებს. წინასწარი გათვლებით, ის 2021 წლის დეკემბერში გათავისუფლდება.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ მეორე ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა – 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა.

დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ გახმაურებულ საქმეს 2018 წლის 9 იანვრიდან 31 მაისამდე იხილავდა და გუგა ბარბაქაძის ბრალეულობა მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში ცნო.

რაც შეეხება სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჯანაშიას, პირველმა ინსტანციამ ის მხოლოდ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა და ეს არასაკმარისი მტკიცებულებებით ახსნა.

სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელი დაადგინა

განაჩენის გამოცხადებისთანავე დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. შვილმკვდარი მამის მხარდასაჭერად ათასობით თბილისელი გამოვიდა.

ზაზა სარალიძე თავდაპირველად აცხადებდა, რომ მკვლელობაში ორზე მეტი პირი ფიგურირებდა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან განაცხადა, რომ მოსამართლემ მისი სიტყვები დაადასტურა. ზაზა სარალიძე ადანაშაულებდა პროკურორებს საქმის არაობიექტურ გამოძიებაში და დამნაშავეების მფარველობაში.

საზოგადოების ზეწოლის შედეგად განაჩენის გამოცხადებისთანავე გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ კი ახალი გამოძიება დაიწყო.

ამ გამოძიების შედეგად თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის ივნისში ჯანაშიას განაჩენს გადახედა და ის სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია დააკავა. ჯანაშია კალანდიას წინააღმდეგ ბრალდების მთავარი მოწმე გახდა და მას საპროცესო გარიგება ამის სანაცვლოდ გაუფორმეს.

კალანდიას საქმეზე პროცესი გრძელდება.