ახალი წლის ძველი გამოწვევები, ანუ საქართველო „ლიდერთა“ შორის...

როგორია ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი, მოსალოდნელია თუ არა ინფლაციის შეჩერება, მოიმატებს თუ არა ეკონომიკური ზრდის ტემპი, რა ტენდენციაზე მიანიშნებს გაეროს ანგარიში?
Sputnik

სამსონ ხონელი

გარბის დრო და თანაც სწრაფი ტემპით... რამდენიმე დღეც და ახალი წლის პირველი თვე მიილევა. კაცმა რომ თქვას, შეფასების ჟამიც მოსულა, მაგრამ ვეჭვობ, დასკვნები ჯერ ნაადრევია. მკითხველს ვპირდები, რომ გამონაკლისი არც „თეთრი ვირთხა“ იქნება და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს, ტრადიციულად, წლის ბოლოს შევაჯამებ. მანამდე კიდევ დიდი დროა. ასე რომ, ამჯერად მხოლოდ ტენდენციაზე მივანიშნებ. სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, მთავარ გამოწვევებად კვლავაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება, უმუშევრობა, ინფლაცია, ცხოვრების გაძვირება და სიღარიბე რჩება. ისეთი პირი უჩანს, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სწორედ ამ პრობლემურ საკითხებზე მომიწევს თქვენი ყურადღების გამახვილება...

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება გითხრან უარი ბანკში კრედიტის მიღებაზე

ეს რა შევიტყვე?! „მოსალოცი“ ამბავია!.. თავად განსაჯეთ, ყველაზე მაღალი ინფლაციის ქვეყნების რეიტინგში 181 ქვეყანას შორის საქართველოს 29-ე პოზიცია უკავია! ინფორმაციას პორტალი Tradingeconomics.com აქვეყნებს. ვინ იტყვის, რომ არ არის საამაყო?! ვიდრე ამ საკითხზე მკითხველიც ჩამოყალიბდება, განვაგრძობ თხრობას. შეგახსენებთ, გასულ წელს ჩვენში ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა. ეს 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, მეზობელ ქვეყნებში ინფლაციის დონე ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება. გასულ წელს რუსეთის ფედერაციაში ინფლაცია 3 პროცენტი იყო, აზერბაიჯანში − 2.6 პროცენტი, სომხეთში − 1 პროცენტი. სამეზობლოში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 11.8 პროცენტი თურქეთში დაფიქსირდა და, შესაბამისად, მეზობელ ქვეყნებს შორის ინფლაციის დონით ის „ლიდერობს“. გავცდეთ რეგიონის საზღვრებს. რეიტინგის სათავეში ვენესუელაა, მეორე ადგილზეა ზიმბაბვე, პირველ სამეულშია სამხრეთ სუდანი. ყველაზე მაღალი დეფლაცია კი ლიბიასა და ბურკინა ფასოში დაფიქსირდა.

როგორია ანალიტიკური წრეების შეფასება? როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვითარება საგანგაშოა, ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყნის განვითარების საშუალო დონეს არ შეესაბამება.  

სურვილები ციფრებში... ვინ საით უბერავს, ვის რა უნდა და რატომ?

ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი: „იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დაბალია ინფლაციის ხარისხი. სამწუხარო მოცემულობაა, რომ საქართველო ინფლაციის დონით ღარიბი ქვეყნების რიგებშია, მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყანად არ ვითვლებით. შესაბამისად, უპატიებელია, როდესაც საქართველო არის საშუალო განვითარების დონეზე და აქვს ისეთი ინფლაციის ტემპი, როგორიც განუვითარებელ ქვეყნებს, მაგალითად, როგორიცაა აფრიკის ქვეყნები, სადაც მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ ბიზნესად ითვლება“. 

ეკონომისტები და ფინანსისტები მზარდი ინფლაციის რამდენიმე ძირითად მიზეზზე მიანიშნებენ. ესენია: ეროვნული ვალუტის გაუფასურება, საფინანსო ბაზარზე არსებული ჭარბი ფულადი მასა, უარყოფითი ბალანსი საგარეო ვაჭრობაში და ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი.   

ამასობაში, როგორც ეროვნული ბანკი გვპირდება, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუბრუნდება. თუმცა, 2020 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის დონე სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის უკვე მეორე ნახევარში მოსალოდნელია ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მეტად შემცირება, რაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგი იქნება. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ წელს ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9 პროცენტამდე გაზარდა. ეროვნულ ბანკის განმარტებით, საშუალოვადიან პერიოდში გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობა და ლარის გაცვლითი კურსიდან მომდინარე ეფექტის შემცირება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. იმედია, მკითხველი დამეთანხმება, რომ ეს გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობა, პირველ რიგში, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს გულისხმობს. არადა, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 4.5-5 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებენ. კობა გვენეტაძის უწყება ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთან ერთად რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს საქონლისა და მომსახურების სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. საგულისხმოა, რომ ანალიტიკურ წრეებში იზიარებენ ეროვნული ბანკის პოზიციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით გამოწვეული ნეგატიური პროცესების წმინდა ექსპორტის ზრდით განეიტრალების თაობაზე.

ნაბახუსევზე მივიწყებული ამბავი, ანუ ღირსეული სიბერის ისტორია

ერთი სიტყვით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტია. საშუალოვადიან პერიოდში, საგარეო შოკების ეფექტის ამოწურვისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების კვალდაკვალ, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 5 პროცენტამდე გაუმჯობესება. უფრო მოკრძალებულია საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი. კერძოდ, გაერო საქართველოში ეკონომიკურ ზრდას 4.5 პროცენტის ფარგლებში ელოდება. უნდა ითქვას, რომ ეს მაღალია რეგიონის საერთო მაჩვენებელზე, რომელიც 3.7 პროცენტია, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენ სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი გვისწრებენ. შესაბამისად, როგორც ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, საქართველო შორსაა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის იმ ტემპისგან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს.

ანალიტიკოსი ავთანდილ სილაგაძე: „პროგნოზი ნამდვილად რეალურია. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცების, ისე ეროვნული ბანკის მონაცემები საკმაოდ დაახლოებულია. თუმცა, შეიძლება ითქვას, ბოლო დროს ეს არის ჩვენი ქვეყნის მაქსიმუმი. მეტი რესურსი აქ არ არის. რასაკვირველია, ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის. თუ გავითვალისწინებთ რეგიონის ქვეყნებს, იქაც კი აღარ გვაქვს ის უპირატესობა, რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად გვქონდა. ჩვენი ვექტორი ხომ ევროკავშირია? შესაბამისად, მასთან მიახლოებისთვის ეკონომიკური ზრდის დღეს არსებული ტემპი ძალიან დაბალია. მსოფლიო ეკონომიკა, გასაგებია, რომ ორჯერ ნაკლებით გაიზარდა, ვიდრე საქართველოსი, მაგრამ ისინი არ არიან განვითარებადი ქვეყნები. თანაც მნიშვნელოვანია – ნაზარდი რამდენია ევროკავშირის კრიტერიუმით. ძალიან შორს ვართ სტანდარტისგან“.

საახალწლო ხურჯინი, ანუ რა ცვლილებებს გვპირდება თეთრი ვირთხა

ვნახოთ, დაველოდოთ, რამდენად გამართლდება პროგნოზი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ წელს დიდი პოლიტიკური ბატალიები გველოდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას სასიკეთოდ ნამდვილად არ წაადგება. სავარაუდოდ, სახარბიელო ცვლილებების მოლოდინიც ნაკლებად უნდა გვქონდეს. მანამდე კი შეგვიძლია თავი იმით ვინუგეშოთ, რომ ეკონომიკამ შარშან მხოლოდ ჩვენში როდი დაამუხრუჭა. როგორც გაეროს ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მსოფლიოში 2.3 პროცენტის ფარგლებში იყო, ეს კი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია...