„ჩვენ ვალდებული ვართ" – საქართველოს პრეზიდენტი მზადაა გაზაფხულზე რუსეთის დელეგაცია მიიღოს

საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ამიტომაც ხელს არ შეუშლის რუსი პოლიტიკოსების შემოსვლას ქვეყანაში.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისი მზადაა ევროპის საბჭოს მინისტრების სხდომაზე რუსეთის დელეგაცია მიიღოს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მონაწილეობს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში, იუწყება РИА Новости.

ევროპის საბჭოს ხაზით ღონისძიებები თბილისში მიმდინარე წლის 14-15 მაისს გაიმართება.

„ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომლებიც ამ ტერიტორიებზე არა საქართველოს მხრიდან შევიდნენ. ეს წესი კი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს ეხება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის შესაბამისად, აკრძალულია აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ან იქ შესვლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე. აღნიშნული დარღვევა ისჯება სოლიდური ჯარიმით ან ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთით.

აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა მარტის დასაწყისში გაიმართება

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მარტივი არ იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

„მაგრამ საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და რუსეთის წარმომადგენლის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.