თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. გორის რაიონის სოფელ ქერეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სოფელში სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენებას მოითხოვენ, იუწყება პირველი არხი.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, სოფლის დაახლოებით 70 ბავშვი იძულებულია მეზობელ სოფლებში – ტყვიავსა და მერეთში იაროს სკოლაში, რაც რთულია, განსაკუთრებით, ზამთარში.
ქერეს აქვს სკოლა, მაგრამ შენობა ძველია და სარემონტო.
ამასთან ერთად მოსახლეობა სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.
ქვეყნის ხელისუფლება მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა ისინი ცხოვრებისთვის მიმზიდველი გახდეს და ეს რაიონები არ დაცარიელდეს.
საქართველოში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი 2015 წელს შეიქმნა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს რიგ სოციალურ შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის. ფონდის გარდა ასევე შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
პრემიერი: სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება>>
2019-2023 წლებში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას სხვადასხვა მიმართულებით.
ახალი სტრატეგიის მიზანია – მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა და სხვა ხარისხიანი მომსახურება, გაუმჯობესდეს დემოგრაფიული ვითარება, განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, დაინერგოს ინოვაციური სისტემები, გაიზარდოს სახელმწიფო მომსახურების ხელმისაწვდომობა და მრავალი სხვა.