COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისში ჩინეთიდან დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

ავიარეისი ურუმჩი-თბილისი ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გაუქმდა
Sputnik

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა, იუწყება პირველი არხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ განაცხადა, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე აეროპორტშივე ამოწმებენ

ამასთან,  სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.

ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება, თუმცა საზეიმო ღონისძიებები გაუქმებულია, რადგან ქვეყანაში ახალი კორონავირუსი მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 1 287 ადამიანია.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.