კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება გითხრან უარი ბანკში კრედიტის მიღებაზე

როგორია სტატისტიკა, ზუსტად ვიცით თუ არა, რამდენი ლუდომანია ქვეყანაში, რას ემსახურება "უჩინარი" ბარათების სერვისი, რატომ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო სათამაშო ბიზნესს და, ბოლოს, ლობირებს თუ არა ფულის გათეთრებას ხელისუფლება?
Sputnik

სამსონ ხონელი

ეს ამბავი ახალი არ არის, თუმცა არც „წვერებით შემოსილია“... ძველი სტილით ნაახალწლევს ჩემი ყურადღება ტელეფონის დაწკაპუნებამ მიიქცია. ჯიბეზე ქესეტად ვიყავი, სამსახურიდან ხელფასის ნაწილი უნდა ჩაერიცხათ და საბანკო შეტყობინებას ველოდი. გავიფიქრე, სულზე მომისწრო. არა, თურმე შევცდი. „აიღე ინკოგნიტო ბარათი, განათავსე თანხა, მარტივად მართე შენი ფინანსები და დარჩი უხილავი“... სათამაშო ბიზნესის კარგად ცნობილი კომპანია მწერდა. უცხო არ უნდა იყოს, არ დავაკონკრეტებ. აზარტული კი ვარ, მაგრამ ლუდომანი არ გახლავართ და ძალზე იშვიათად ვთამაშობ ხოლმე. თვეში გაფსონილი ჯამური თანხა 20-25 ლარია, მიზანი კი გართობაა. არასოდეს დამიშვია, რომ ტოტალიზატორსა თუ სამორინეში თამაშით შეიძლება ფული ადვილად იშოვო და ფინანსური პრობლემები მოაგვარო. ვიცი ამგვარი ილუზია როგორც მთავრდება. იქ მოგებული არავინ არის, ადამიანები აგებენ უძრავ და მოძრავ ქონებას, არცთუ იშვიათად − სიცოცხლეს. თუმცა ეს სხვა საკითხია... ძირითად სათქმელს დავუბრუნდები.

სურვილები ციფრებში... ვინ საით უბერავს, ვის რა უნდა და რატომ?

გამახსენდა, ორი დღით ადრე მეგობარმა შემომჩივლა, რომ წინასაახალწლოდ კომერციულ ბანკში სამომხმარებლო სესხზე უარი უთხრეს. არადა, შემოსავალი ძალიან კარგი აქვს, საბანკო ისტორიაც არ დაეწუნება. როგორც გაარკვია, მიზეზი აზარტული თამაში იყო. ეს როგორ, რატომ? − შესაძლოა, ჩამეძიოთ. გეტყვით, მეგობარი უკვე მრავალი წელია, რაც ინტენსიურად თამაშობს. მისი ფსონების მასშტაბებიც გაცილებით მაღალია. როგორც თავად მითხრა, ყოველთვიური შემოსავლის მკაცრად მხოლოდ 15 პროცენტს ხარჯავს თამაშში. თანხას პირადი ანგარიშიდან ონლაინ-ტოტალიზატორის ანგარიშზე და პირიქით, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ-ბანკით რიცხავს. ფულადი ნაკადების მოძრაობა საბანკო ამონაწერში დაუფიქსირდა. რაკიღა ე.წ. ბალანსს მეც ამავე მეთოდით ვმართავ, არ დაგიმალავთ, შემოთავაზებით დავინტერესდი და დეტალების დასაზუსტებლად კომპანიის ე.წ. ცხელ ხაზზე დავრეკე...

− ეს ბარათი საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული არ არის. ამ ბარათის საშუალებით შესაძლებელია ბალანსის შევსება და თანხის განაღდება. გამომშვები ჩვენი კომპანიაა. მიზანი თქვენი კონფიდენციალურობის დაცვაა. მეტიც, ჩვენ კანონი გვავალდებულებს დავიცვათ ჩვენი მოთამაშეების პირადი მონაცემები. გარდა ამისა, თქვენ დაზოგავთ დროს და აღარ მოგიწევთ კომპანიის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე და მერე ბანკომატიდან განაღდება, ან სალაროში მოსვლა თანხის გასანაღდებლად, − განმიმარტა ოპერატორმა.

− თქვენ ამბობთ, რომ ამ ბარათით თანხის გამოტანა საბანკო ამონაწერში არ აისახება? − ჩავეძიე კომპანიის წარმომადგენელს და მანაც დამიდასტურა, რომ ინკოგნიტო ბარათის ანგარიში განთავსებულია მხოლოდ კომპანიის სისტემაში და ინფორმაციაც ჩემი ტრანზაქციების შესახებ მხოლოდ მათ ექნებათ...

ნაბახუსევზე მივიწყებული ამბავი, ანუ ღირსეული სიბერის ისტორია

პასუხი მივიღე და დავასკვენი კიდეც, რომ სათამაშო ბიზნესი იმ მომხმარებლებს, რომელთაც საკუთარი ანგარიშის კონტროლი კომერციული ბანკების გვერდის ავლით სურთ, ე.წ. ინკოგნიტო ბარათებს სთავაზობს. ადვილად პროგნოზირებადია, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს სათამაშო ბიზნესის კონტროლსა და მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, გაზრდის ჭარბვალიანობასა და საბანკო რისკებს.

საფინანსო სფეროს ანალიტიკოსი გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ამ ახალი ტიპის ბარათების გამოყენებით ადამიანები ცდილობენ ბანკებს დაუმალონ აზარტული თამაშიებისადმი თავიანთი მიდრეკილება. თუმცა, არსებობს სხვა რისკებიც, კერძოდ, შესაძლოა, რომ პიროვნებას შემოსავალიც უფიქსირდებოდეს და, ზოგადად, ფულად ბრუნვას მალავდეს. მისი თქმით, ბარათით ანგარიშსწორება შესაძლებელია არა მხოლოდ სათამაშო ბიზნესის ობიექტებში, არამედ სხვადასხვა დაწესებულებებშიც. შესაბამისად, გარკვეული თანხა საბანკო სექტორის მიღმა რჩება, რაც ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს ქმნის. სავარაუდოდ, ექსპერტი ფულის გათეთრების რისკებზე მიანიშნებს.

საახალწლო ხურჯინი, ანუ რა ცვლილებებს გვპირდება თეთრი ვირთხა

ფინანსისტი თემურ ბასილია ღიად აცხადებს, რომ კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის გათეთრების სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს და ამიტომ მისი გამოყენება დაუშვებლად მიაჩნია. მისი აზრით, აღნიშნული საკითხით ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს, რადგან სადებეტო ბარათები მარეგულირებლის კომპეტენციაა. ამასთან, ფულის გათეთრების სამსახურიც ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია. თემურ ბასილიას განმარტებით, საკრედიტო ბარათების გამოშვების უფლება კერძო კომპანიებსაც აქვთ, მაგრამ ეს პროცესი სახელმწიფომ მკაცრად უნდა აკონტროლოს. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა.   

სათამაშო ბიზნესში არსებული ფულის გათეთრების მაღალ რისკებზე პარლამენტის დეპუტატებიც კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონები წლებია საპარლამენტო თაროზეა შემოდებული. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები კი კაზინოებს ლობირებენ და ფულის გათეთრების ფაქტებზე თვალს შეგნებულად ხუჭავენ.

მთავარი ბანკირის „საფინალო სასტვენი“, ანუ ერთი წლის თავზე

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ძალიან დიდი ფული თეთრდება ონლაინ-კაზინოების გავლით. სახელმწიფო კი საშუალებას მოკლებულია, რომ ადმინისტრირების საკითხი მოაგვაროს. შევიმუშავეთ კონკრეტული კანონპროექტები, რომელთა მიღება მოხსნის ფულის გათეთრების საფრთხეს და, რაც მთავარია, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ორი წლის განმავლობაში 60 პროცენტით შევამციროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობა. სამწუხაროდ, პარლამეტის წევრები ნიანგის ცრემლებით იძლევიან ინტერვიუებს, თუ როგორ წუხან, როდესაც აზარტული თამაშების გამო ჩვენი მოქალაქეები ფატალურად ასრულებენ სიცოცხლეს. როცა საკითხი დღის წესრიგში დგება, ისინი პირდაპირი მნიშვნელობით იმალებიან, ან სხვანაირ გადაწყვეტილებას აფიქსირებენ“, − აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

დეპუტატი ინკოგნიტო ბარათებზეც საუბრობს და ფულის გათეთრებასთან ერთად ამ ბარათების გამოყენებით ნარკოტიკის შეძენის ფაქტებზეც მიანიშნებს. მისი თქმით, ადამიანები ნარკოტიკს ყიდულობენ. ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან შესაბამის პირებს, მომხმარებელი წამლის სანაცვლოდ რიცხავს კაზინოს ბარათზე არსებულ თანხას და ყიდულობს ნარკოტიკს. ამ დროს კი ვერც ერთი მხარის იდენტიფიცირება ვერ ხდება. პრობლემურ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ კაზინოს ბარათები დახურულ ბრუნვაში მოქმედებს, ფულის გათეთრების შანსს ზრდის. ნებისმიერ სამორინეს აქვს შესაძლებლობა, მოთამაშის გავლით ფული გაათეთროს ან სხვა სახის არალეგალური გადარიცხვები განახორციელოს. მოთამაშეს დაურიცხავენ კაზინოს ბარათზე თანხას და არა მხოლოდ თამაშის მიზნით მოიხმარს, არამედ შეუძლია ქრთამიც კი დამალოს. სახელმწიფომ შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაატაროს...    

გაისად ბობრძანდით, ბატონო! ანუ მათთვის, ვისაც საკრედიტო ლიმიტი ზღუდავს

დამეთანხმებით, საინტერესოა, როგორია ეროვნული ბანკის პოზიცია და მოსალოდნელია თუ არა რაიმე სახის რეგულაციები. როგორც საფინანსო სფეროს ექსპერტი გიორგი კეპულაძე განმარტავს, ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ჯერჯერობით ამ ბარათების არსებობა ფინანსურ სტაბილურობას ხელს არ უშლის. მეორე მხრივ, სესხის გაცემისას კომერციული ბანკებისთვის რისკი იზრდება და თუ ეს პრობლემები მასშტაბურ სახეს მიიღებს, დღის წესრიგში რეგულირების საკითხიც დადგება. კობა გვენეტაძის უწყებაში კი განმარტავენ, რომ საქართველოში საგადახდო ბარათების გამოშვების უფლება კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახადო მომსახურების პროვაიდერებს აქვთ. შესაბამისად, „ინკოგნიტო ბარათები“ გამოშვებულია არა სათამაშო ბიზნესის, არამედ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ. არსებული კანონმდებლობის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მომხმარებელთა იდენტიფიცირების კუთხით ზუსტად იგივე ვალდებულება აქვთ დადგენილი, რაც კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, როგორც ბანკის, ისე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ბარათის ყველა მფლობელი იდენტიფიცირებულია მიუხედავად იმისა, ვიზუალურად დატანილია თუ არა მისი სახელი ბარათზე. ასე რომ, შესაძლოა, ვნებათაღელვა უმიზეზოა და ის, ვისაც ეს ევალება, ყველაფერს ხედავს და ყველაფერს ამჩნევს...