თბილისში ბრამსის მუსიკა აჟღერდება

თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ბრამსის ნაწარმოებებს ცნობილი პიანისტის თამარ ლიჩელის შესრულებით მოისმენენ.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. დიდი გერმანელი რომანტიკოსი კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის იოჰანეს ბრამსისადმი მიძღვნილი კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრში 25 იანვარს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ახალი წელი მორიგი მიღწევით დაიწყო

საღამოზე შესრულდება კომპოზიტორის პირველი საფორტეპიანო კონცერტი ორკესტრთან ერთად. ნაწარმოებს შეასრულებს მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი, გამოჩენილი პიანისტი თამარ ლიჩელი.

სიმფონიურ ორკესტრს ახალგაზრდა დირიჟორი, კრაკოვის მუსიკალური აკადემიის მაგისტრი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.

ბრამსის (1833-1897) საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა 1859 წელს გაიმართა. საფორტეპიანო პარტიას თავად კომპოზიტორი ასრულებდა. მსმენელმა ნაწარმოები მხოლოდ მესამე შესრულების შემდეგ მიიღო.