COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის საშიშროება – საქართველოს მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევენ

გამყრელიძის სიტყვებით, ალბათობა იმისა, რომ ინფექცია საქართველომდე მოაღწევს, მინიმალურია, თუმცა მაინც არსებობს.
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ვირუსის პირველი სიმპტომებისთანავე ინფექციურ საავადმყოფოებს უნდა მიმართონ, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

სამინისტრო: კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო

ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტები ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბნენ და ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა განიხილეს.

გამყრელიძის სიტყვებით, ალბათობა იმისა, რომ ინფექცია საქართველომდე მოაღწევს, მინიმალურია, თუმცა მაინც არსებობს. ინფექციის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა და ხველება მცირე სისველით.

„ჩვენ ქალაქ უჰანთან პირდაპირი რეისი არ გვაქვს, ამიტომ ინფექციის შემოტანის ალბათობა მინიმალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს, რის გამოც მზადყოფნა აუცილებელია... ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, რომლებიც ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და, განსაკუთრებით, უჰანში იყვნენ. თუ ასეთ ადამიანს ეწყება მსგავსი სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოებს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლუგარის ცენტრში ლაბორატორიულ შესაძლებლობებს აძლიერებს, რათა მოხდეს კორონავირუსის იდენტიფიცირება.

გამყრელიძის სიტყვებით, საქართველოს საზღვრებზე განთავსდება ბანერები ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე, ყველა მოგზაური მიიღებს ინფორმაციას, თუ ვის უნდა მიმართოს დაავადების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სპეციალისტებმა მოქმედების ორი ვერსია წარმოადგინეს, პირველი მიმართულია გადაუდებელ ღონისძიებებზე, მეორე კი გრძელვადიან მოქმედებებზე.

ემუქრება თუ არა საქართველოს კორონავირუსი

გარად ამისა, იგეგმება „სასწრაფო დახმარების" ექიმების სწრაფი გადამზადება. გამყრელიძის სიტყვებით, უკვე გამოიყო რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას ადამიანები უნდა მოთავსდნენ – ეს არის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური კლინიკები. ამ დროისთვის ხდება კონსოლიდაცია მარაგების, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფობის მართვისთვის.

„რა თქმა უნდა, ვმუშაობთ უფრო ხანგრძლივვადიან გეგმაზე – როგორ მოვიქცეთ, თუ მრავალ ქვეყანაში მოხდა ამ ეპიდაფეთქების ექსპორტი", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში გაურკვეველი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პირველ დაავადებულებს ზღვის პროდუქტებთან ჰქონდათ შეხება. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი გახდა კორონავირუსის ახალი ტიპი – 2019-nCoV.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში გაიგზავნა დირექტივები ინფექციის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე, მთელ მსოფლიოში გაძლიერდა ჩინეთიდან ჩასული ტურისტების შემოწმება.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.