საქართველოში პროფესიული უნარების განვითარების ახალი პროგრამა ამოქმედდება

პროგრამა „უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ აზიის განვითარების ბანკთან ერთად და მისი ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდება
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად საქართველოში ამოქმედდება ახალი პროგრამა „უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“, იუწყება „ნოვოსტი-გრუზია“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.

აზიის განვითარების ბანკი 50 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს განახორციელებს. პროექტის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარება უკეთესი დასაქმებისა და მომავალი წარმატებისთვის.

„უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“ (Skills for Better Jobs Sector Development Program) აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად შემუშავდება და მისი განხორციელება 2020 წლის ბოლოს დაიწყება.

დაიწყო პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია

პროგრამა ორიენტირებული იქნება განათლების სექტორში უნარების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სხვადასხვა მექანიზმით კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე განათლების სისტემაში.

პროფესიული განათლების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

განათლების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლის დიპლომი გაუთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს.

მოსწავლეები საბაზო განათლების (ცხრა კლასი) შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისას არა მხოლოდ ამა თუ იმ პროფესიას დაეუფლებიან, არამედ ყველა სასკოლო საგანს შეისწავლიან. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ ისინი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებასაც შეძლებენ.