ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

„უსასრულო წერილი“: ახალგაზრდა დიზაინერები Instagram-ის სთორიზს ახალ ჰეშთეგს ამატებენ

რუსი ახალგაზრდა დიზაინერების ილუსტრაციები და სთორიზის ფორმატი — ეს ემოციური ხიდია ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებაში ომის დროიდან, როცა, მიუხედავად ყველა საშინელებისა, ადამიანებს ისევე უყვარდათ, შფოთავდნენ, ოცნებობდნენ, სწამდათ...
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია „უსასრულო წერილი“, რომელიც ფაშიმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს ეძღნება – ახალგაზრდა დიზაინერები და მხატვრები რუსეთიდან Instagram-ზე ფრონტული წერილების ნაწყვეტებს აქვეყნებენ. 

როგორც პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, პირადი არქივებიდან და წერილებიდან ამოღებული ეს სტრიქონები, რომელთა ნახვაც შესაძლებელია ჰეშთეგზე #ПисьмаПобеды, სხვა თვალით გვაჩვენებს მეორე მსოფლიო ომის ისტორიას. 

„ჩვენი პროექტი ეძღვნება არა „ხალხის გმირობას“ ან „გამარჯვებულ ქვეყანას“, არამედ უფრო ადამიანის ბედს. საერთოს შეგრძნება მხოლოდ პირადი ისტორიებითაა შესაძლებელი. წერილზე უფრო პირადი კი არაფერია“, — განაცხადა იდეის ავტორმა, RT-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ კირილ კარნოვიჩ-ვალუამ.

#ПисьмаПобеды მოგვითხრობს ომში ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, იმაზე, რა ნახეს საბჭოთა ჯარისკაცებმა გზაზე, რომელიც ფაშისტური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გადიოდა, და რას შეეყარნენ ევროპის საზღვრის გადალახვის შემდეგ. შინიდან ჯარისკაცებს სწერდნენ, რა შეემთხვათ ოჯახებს ევაკუაციისა თუ ოკუპაციის დროს, როგორ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ზურგში, რომლის ზეამოცანა იყო „ყველაფერი ფრონტისთვის!“

წერილების უმეტესობა ტატიანა ვასილევსკაიას პროექტს გადაეცა, რომლის გამომცემლობამაც 2014 წლიდან მეორე მსოფლიო ომის წერილების ოთხი ტომი გამოსცა. ცოცხალი ისტორიის ეს მტკიცებულებები რუსეთისა და უცხოეთის პირადი არქივებიდან და მუზეუმებიდან, ოჯახებიდან და მხარეთმცოდნეებისგან მიეწოდებოდა.

„ფრონტული წერილები — ეს ომის უნიკალური, წრფელი ისტორიული დოკუმენტებია. საყვარელი ადამიანების, შვილების, დედებისადმი მიწერილი, ცენზურაგავლილი და ცრუ მაღალფარდოვნებას მოკლებული ეს ლაკონური სტრიქონები ჯარისკაცის, ადამიანების დიდებულ სახეს ქმნის. ჩემი აზრით, არანაირ სამეცნიერო ტრაქტატებს არ ძალუძს ამგვარად უპასუხოს კითხვას, რატომ გავიმარჯვეთ კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე საშინელ ომში“, — ამბობს ტატიანა ვასილევსკაია.

პროექტების ვიზუალურ მხარეზე სამუშაოდ ახალგაზრდა დიზაინერები მიიწვიეს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიიდან (РАНХиГС), ასევე საერთაშორისო დონის მხატვარ-გრაფიკოსები მიხაილ სორკინი და პიოტრ ბანკოვი. სტრიქონები წერილებიდან მათი ილუსტრაციებით, ერთგვარ „უსასრულო წერილად“ იგება Instagram-ის სთორიზში. ფონად მას გასდევს საერთო უწყვეტი მუსიკალური თემა, რომელიც კომპოზიტორმა მაქსიმ მაკარევიჩმა (Sirotkin, On-The-Go) შექმნა.

ახალგაზრდა დიზაინერების ილუსტრაციები და სთორიზის ფორმატი — ეს ემოციური ხიდია ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებაში ომის დროიდან, როცა, მიუხედავად ყველა საშინელებისა, ადამიანებს ისევე უყვარდათ, შფოთავდნენ, ოცნებობდნენ, სწამდათ.

„უსასრულო წერილი“ — ეს თაობათა კავშირია, რომლის აღდგენასაც ჩვენი გუნდი ნარატივებითა და ვიზუალური საშუალებებით შეეცდება — იმ იმედით, რომ ახლანდელი ახალგაზრდები და მომავალი თაობები გააცნობიერებენ, რატომ არ უნდა განმეორდეს ასეთი რამ“, — აღნიშნა კირილ კარნოვიჩ-ვალუამ.

РАНХиГС-ის პროფესორი სერგეი სეროვი ამბობს, რომ დიზაინის სკოლის სტუდენტებისთვის პროექტი #ПисьмаПобеды არა მარტო პროფესიონალურ, არამედ ადამიანურ გამოცდილებადაც იქცა:

„РАНХиГС-ის დიზაინის სკოლაში კულტივირებული კრეატიული პედაგოგიკა სტუდენტებში არა მარტო დიზაინ-აზროვნების, არამედ დიზაინ-შეგრძნების განვითარებას, თითოეული პროექტის გულთან მიტანას, მარტო გონებაში კი არა, სულში გატარებასაც მოითხოვს. სწორედ ასე ხდებოდა პროექტ #Письма Победы-ს შემთხვევაში, რომელშიც უკიდურესად მნიშვნელოვანი გამოდგა პირადი განცდები, ავტორების პირადი ჩართვა თემაში. პროექტში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა არა მარტო პროფესიონალური, არამედ ადამიანური გამოცდილების თვალსაზრისითაც, რომელიც ღრმა ემოციებს, ემპათიასა და თანაგრძნობას აღძრავს“.

ილუსტრაციები სრულიად განსხვავებულ სტილსა და ტექნიკაშია შესრულებული: დაწყებული აკვარელით, აპლიკაციითა თუ ამოკაწვრით, დასრულებული კოლაჟით, ღრმა ფსიქოლოგიზმიდან ნაივურ მანერამდე. ნამუშევრებში ასახულია არა მარტო პირადი განცდები, არამედ პირადი ისტორიებიც.

„მე თითქოს ბებიაჩემის ცხოვრებას გავდიოდი, რომელიც მამის გარეშე ორი წლისა დარჩა და საერთოდ არ ახსოვდა ის. ბავშვობაში მამას წერილებს წერდა — სიცარიელეში“, — აღნიშნა პროექტის მონაწილე მარია აფონჩიკოვამ.

„ომზე ფიქრისას ყოველთვის ემოციების ქარიშხალი მეუფლება. მათი დიდი ნაწილი ძრწოლვითა და მწუხარებითაა შეფერილი, მცირე ნაწილი — ეს რწმენა და სიყვარულია. ეს ნაწილაკია, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი ძალისა, რომ თავის დროზე ბოროტებასთან გამკლავებაში დაგვეხმარა. აი ახლაც, ილუსტრაციებზე მუშაობისას გონებას მირევდა დანაკარგის შეგრძნება, გული კი სიყვარულით მევსებოდა, იმ სიყვარულით, რომლითაც ეს წერილები იყო დაწერილი“, — დაამატა სხვა მონაწილემ, ქსენია პასტერნიაკმა.

პროექტი #СтраницыПобеды RT-მ 13 იანვარს დაიწყო და ის დიდი სამამულო ომის დამთავრების 75-ე წლისთავს მიუძღვნა, რომელიც 2020 წლის 9 მაისს აღინიშნება.