„ხელისუფლებამ სიმბოლო საკუთარ თავს თავად მოუფიქრა" – რა ხდება პარლამენტთან

პარლამენტთან მწვანე ღობემ ახალი ფუნქცია სულ მალე შეიძინა – მასზე შეიძლება წაიკითხოთ, თუ რას ფიქრობს მოსახლეობა ხელისუფლებაზე.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. პარლამენტის წინ აღმართული ღობე ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიტუაციისადმი კრეატიულად მიდგომის არენა გახდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

მწვანე ღობე იმასთან დაკავშირებით გაჩნდა, რომ თბილისის მერიამ გადაწყვიტა კეთილმოაწყოს პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორია, სადაც ნახევარი წელია ანტისამთავრობო აქციები ტარდება.

ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები, რომელიც პარლამენტის წინ გამართული აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია, საკითხს კრეატიულად მიუდგნენ და ღობეზე გააკეთეს წარწერა: „ბიძინას ბოსტანი". შემდეგ გაჩნდა სხვა წარწერებიც: „ბოსტანი 100 მეტრში", „მათ ცხვრები შემოღობეს".

მწვანე ღობე პარლამენტის წინ: თბილისის მერია ოპოზიციის აქციებისთვის ემზადება

„ჩვენი გეგმები არ შეიცვლება, მაგრამ ყველაფერს ირონიის და დაცინვის კომპონენტი დაემატა. ამას სერიოზულად როგორ უნდა შეხედო, რომ მათ ტერიტორია შემოღობეს. აქციები უფრო მარტივად ჩატარდება და გზის გადასაკეტად ჩვენ ცოტა ხალხი დაგვჭირდება", – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.

„კედელი ამ ხელისუფლების სიმბოლო გახდა, რადგანაც „ქართული ოცნება" გახდა ხელისუფლება, რომელიც იმალება კედლის იქით საკუთარი ხალხისგან, პრობლემებისგან, რომელიც თავად შექმნა ქვეყანაში და რომელიც ცდილობს დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ამ კედლით შეაჩეროს. „ქართულმა ოცნებამ" თავად მოიფიქრა სიმბოლო, რომლის მოფიქრებაც ჩვენ აზრადაც არ მოგვივიდოდა. თუ ჩვენ ვცდილობდით მათზე ბოქლომის დადებას, „ქართული ოცნება" უფრო შორს წავიდა", – განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან.

პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიის შემოსაზღვრის მიზეზად თბილისის მერმა კახა კალაძემ ტერიტორიის კეთილმოწყობა დაასახელა. იგეგმება ფილების გამოცვლა, შადრევნების განახლება და ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც.

კალაძე: პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს

უნდა ითქვას, რომ ეს პირველი მცდელობა არაა, როდესაც ქალაქის ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის საკუთარი აქციების ერთგვარ პლაცდარმად გამოყენებაში. ახალი წლის წინ იქ აქციის მონაწილეთა კარვები აიღეს და საბავშვო ატრაქციონებით ჩაანაცვლეს.

საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს, პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩავარდნის შემდეგ დაიწყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. მას შემდეგ პერმანენტული აქციები ტარდებოდა, რაც ახალ წლამდე გაგრძელდა.

არცთუ დიდი ტაიმ-აუტის შემდეგ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით სახელმწიფო შენობების პიკეტირებას 4 თებერვლიდან განაახლებენ, როდესაც დეპუტატები დაბრუნდებიან და საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია დაიწყება.

მოქმედი კონსტიტუციით, არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იგეგმება.