მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით დაიკეტება

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით აიკრძალება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

გუშინ თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რაც გზების კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს. გზების მაშტაბური რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო. ამ დროისთვის დასრულებულია ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენების დაგება, რაც აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო ნაკადების შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა. ასფალტის საფარის ზედა ფენა უკვე დაგებულია 14 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე.

„ჩვენ გლდანელებს დავპირდით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩები ახალ წლამდე ქვედა ფენებში მოეწყობოდა და ჩვენი პირობა შევასრულეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი დამთავრებულია და სამუშაოები ბოლომდეა შესრულებული. კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი: ტროტუარების მოწყობა, ასფალტის მეორე ფენის დაგება", – განაცხადა კალაძემ.

დაუყოვნებლივ გადააკეთონ! – თბილისის მერი მშრალი ხიდის სარემონტო სამუშაოებით უკმაყოფილოა

მისი სიტყვებით, მერია ამ ეტაპზე ახორციელებს ძალზე მნიშვნელოვან პროექტს, ესაა "ახმეტელის თეატრის" მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელშიც წვიმის დროს წყალი ჩამოდის და სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე იმ სავაჭრო ფართებისთვის, რომლებიც აქაა განთავსებული. ერთი თვის განმავლობაში ეს მონაკვეთი იქნება გადაკეტილი და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას შეფერხებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. ძალიან სწრაფად დავამთავრებთ ამ პროექტს", – განაცხადა კახა კალაძემ.

უკვე დაწყებულია მიწისქვეშა გადასასვლელის ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ასევე მიწის ქვეშ მოექცევა საჰაერო კომუნიკაციები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოეწყობა ტროტუარები, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი, გარდა ამისა, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით რვა კილომეტრს შეადგენს.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12,0 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.