თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ერთკვირიანი გაუჩინარება აქტიურად განიხილება რესპუბლიკის მედიასივრცეში.
გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი არც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფედერალური კრებისადმი მიმართვას დასწრებია მოსკოვში და არც პარასკევის ლოცვას გროზნოში. მანამდე ადგილობრივი ტელეარხები ყოველთვის აჩვენებდნენ ხოლმე სალოცავად მისულ კადიროვსა და მის გარემოცვას.
კადრებზე თვითმფრინავის ილუმინატორიდან გადაღებული ღამის ქალაქი ჩანს ფრენისას, ხოლო კადრს მიღმა ისმის სიტყვები: „სალამ ალეიქუმ. თუ რამე, ჩვენ ადგილზე ვართ. ალაჰ აკბარ! აჰმატი ძალაა“.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ვიდეოს ქვეშ მიწერილი კომენტარებით მოუწოდებენ კადიროვს, „მტრის ჯინაზე“ დაბრუნდეს.
ცოტა ხნის წინ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-მ გაავრცელა თავად კადიროვის კომენტარი, რომ მისი სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გავრცელებული ხმები რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით, ის კარიერას მხოლოდ საკუთარ რესპუბლიკაში დაასრულებს.
„ამე არასდროს მქონია რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მუშაობის, მისი დატოვების ინტერესი და სხვა თანამდებობა ჩემთვის არასდროს შემოუთავაზებიათ. კარიერის დამთავრება ჩემს რესპუბლიკაში მსურს და არსად არ ვაპირებ წასვლას“, – განაცხადა კადიროვმა.
РИА Новости-ს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ჩეჩნეთის მეთაურმა გროზნოში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა ორშაბათს.
15 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა უფლებამოსილება დროებით გადააბარა ჩეჩნეთის პრემიერ მუსლიმ ხუჩიევს. როგორც კადიროვის პრეს-მდივანმა განმარტა, რესპუბლიკის მეთაური მკურნალობის კურსს გადიოდა, რომელიც „სამედიცინო პროცედურების ჩატარებას“ გულისხმობს.