თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სვანეთში ბიტკოინების ფერმას დენის მიწოდება შეუწყვიტა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ელექტროგამანაწილებელ კომპანიაში.
მესტიაში ბიტკოინების საწარმო კრიპტოვალუტის მაინინგს უფასოდ აწარმოებდა.
„მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, საწარმოები კი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დადგენილი ტარიფის შესაბამისად იხდიან. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ბიტკოინების ფერმა სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებული არ იყო და, შესაბამისად, კრიპტოვალუტის მაინინგს უფასოდ ახორციელებდა“, – აღნიშნეს კომპანიაში.
კომპანიის ცნობით, მესტიაში ბოლო 6 თვეში დენის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა. ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენია „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელიც ელექტროენერგიას რეგიონებში ანაწილებს.
„ბოლო დროს ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ ქსელი ვეღარ უძლებდა და ხშირად ხდებოდა საჭირო მისი შეკეთება, შედეგად მოსახლეობას ეზღუდებოდა“, – აღნიშნეს კომპანიაში.
კრიპტოვალუტის ფერმა მესტიაში წინა კვირაში აღმოაჩინეს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს პროცესი ამ მაღალმთიან რეგიონში ჯერ კიდევ გრძელდება და, შესაძლოა, კიდევ არაერთი მაინერი გაითიშოს.
მესტიის მერის კახა ჟორჟოლიანის თქმით, მერია ადრეც აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ გაეთიშათ მაინერები, თუ ვინმეს ჰქონდა.
„2000-მდე მაინერი აღმოაჩინა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, ყველა ერთ ადგილზე იყო. მათი გათიშვის შემდეგ კი ელექტროენერგიის მოხმარებამ 2,5 მეგავატით მოიკლო“, – აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ბიტკოინი კრიპტოვალუტის ერთ-ერთი სახეობაა. კრიპტოვალუტა — ვირტუალური ფულია. ბიტკოინის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილეობით მოიპოვებენ „მონეტებს".
საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ძალიან პოპულარული საქმიანობაა, 2018 წელს ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერიც იყო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მაინინგში დახარჯული ელექტროენერგიის ოდენობით. მაშინ ამ პროცესში შინამეურნეობების დაახლოებით 5% იყო ჩართული.