20 წლის ქართველის გარდაცვალების ფაქტს იტალია და საქართველო ერთობლივად გამოიძიებენ

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გარემოებების შესწავლის პროცესში რომში საქართველოს საელჩო და საკონსულო უკვე ჩაერთო.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. იტალიაში საქართველოს მოქალაქის  გარდაცვალების გამო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე  იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს შეხვდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

14 იანვარს გრადისკა-დ'იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტის აქტიური მონაწილეები დააკავეს. ციხეში 20 წლის ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საბერძნეთში მეხუთე სართულიდან ქურდობის დროს ქართველი მამაკაცი გადმოვარდა

შეხვედრაზე მხარეებმა მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოხატეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით. ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება. თავის მხრივ, იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ  მნიშვნელოვანია გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

 მომხდართან დაკავშირებით ასევე დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგრეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს  გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.