საქართველოს პრეზიდენტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში 21 იანვარს გაემგზავრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მრავალი ქვეყნის მსოფლიო ლიდერები. ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი გამართავს შეხვედრებს ისრაელის პრეზიდენტთან რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან სტევო პენდაროვსკისთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან ჟიული პეიეტთან და ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან.

„ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „სიონის მეგობრები", რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის "სიონის მეგობართა ორგანიზაციის" უმაღლეს ჯილდოს გადასცემს", – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ორგანიზაციის ჯილდო, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ის პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ლიდერს.

იერუსალიმსა და თელ-ავივში სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. კერძოდ, იგი შეხვედრებს გამართავს შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრში, ისრაელის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან, ასევე შშმ პირთა, გასაჭირში ჩავარდნილი პირებისა და მოხუცთა დახმარების სწრაფი რეაგირების ორგანიზაციასთან „იად სარა".

ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმის პრემიერა ისრაელში შედგება

საქართველოს პრეზიდენტი შიბას სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ონკოლოგიურ დეპარტამენტს ეწვევა და ასევე შეხვედრას გამართავს ისრაელის პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებულ ქალებთან.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მსოფლიო ებრაული სააგენტოს „სოხნუთის" თავმჯდომარესთან იცხაკ (ბუჟი) ჰერცოგთან და იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან თეოფილე მესამესთან.

საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო ვიზიტების პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე მუზეუმს ეწვევა. იგი ასევე შეხვდება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი იერუსალიმის მერთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კულტურის მინისტრთან ერთად იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფისს გახსნის. ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.