ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ ბათუმის მშენებარე სტადიონი დაათვალიერა

სტადიონი მოინახულეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ საპატიო სტუმრებთან ერთად ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულა, ნათქვამია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მთავრობასთან და ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირის მონაწილე გუნდებთან ერთად ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულეს. ამ დღეებში ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირი მიმდინარეობს.

ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ ბათუმის მშენებარე სტადიონი დაათვალიერა

ბათუმის ახალი სტადიონის შესახებ ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და აღნიშნა, რომ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ არენაზე სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გამართვა იქნება შესაძლებელი.

„ყველანი ველოდებით, რომ უკვე ზაფხულში ბათუმის „დინამო" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საკუთარ ქალაქში სწორედ ამ სტადიონზე გამართავს. ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერებს გუნდს და გაზრდის ფეხბურთის მიმართ იმ ინტერესს, რომელიც ამ ქალაქში ისედაც დიდია“, - განაცხადა დავით მუჯირმა.

ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობის პროცესი სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ალან ჟირესმაც მოინახულა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს ზამთრის თასის ორგანიზებისთვის, აღნიშნული ტურნირი საშუალებას გვაძლევს, რომ ფიფას, უეფას და სხვა გუნდების წარმომადგენლეაბი კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები“, - აღნიშნა ალან ჟირესმა

ახალი, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. ახალ სტადიონს საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაეყარა. ობიექტი ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) მოთხოვნების მეოთხე კატეგორიის შესატყვისი იქნება. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონი აშშ დოლარია.

ბათუმში ზღვისპირა სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს, მას შემდეგ ქალაქს სტადიონი არ აქვს. რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი, ჩაიშალა ასევე რამდენიმე ტენდერი.