ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს გირაო შეეფარდა

ვახტანგ რობაქიძე ბოდიშს იხდის შეურაცხყოფაზე, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ვახტანგ რობაქიძეს, რომელიც დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის არის დაკავებული, გირაო შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გინება და მუქარა: „ქართული ოცნების" დეპუტატი და მისი ოჯახი აგრესიის მსხვერპლი გახდა

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ვახტანგ რობაქიძეს გირაოს სახით 7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი 14 იანვარს აგრესიის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ოხანაშვილი სამ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ვახშმობდა. რობაქიძე იმავე რესტორანში იმყოფებოდა და დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ამასთან ადვოკატის თქმით, რობაქიძე ბოდიშს იხდის შეურაცხყოფაზე, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა.

„ეს იყო პროტესტი ანრი ოხანაშვილის და მისი პოლიტიკური შეხედულებების მიმართ და არა მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარა“, – განაცხადა ადვოკატმა როლანდ შონიამ.

მუქარა და ხულიგნობა: ანრი ოხანაშვილზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა >>

გარდა ამისა, რობაქიძეზე ადვოკატის ინფორმაციით პოლიციის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო.

რობაქიძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით , რომელიც მუქარას გულისხმობს და239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.