საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

ქართველმა წყალბურთელებმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა იტალიელებს, რომლებიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბუდაპეშტში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან - იტალიის ნაკრებთან ანგარიშით 18:6 დამარცხდა.

რევაზ ჩომახიძის აღსაზრდელებმა იტალიელებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ანგარიში მეოთხედების მიხედვით - 1:4, 2:3,3:5, 0:6.

ამგვარად, საქართველომ D ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ადრე ქართველმა წყალბურთელებმა საბერძნეთის ნაკრებთან წააგეს (10:17), თუმცა საფრანგეთის გუნდს მოუგეს (9:7).

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ბერძნებთან დამარცხდნენ

ჯგუფის სხვა მატჩში ბერძნები ფრანგებზე ძლიერები აღმოჩნდნენ - 12:10.

მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები - საბერძნეთის და საქართველოს ნაკრებები - ბრძოლას პლეი-ოფის მერვედფინალში გააგრძელებენ. ჯგუფის გამარჯვებული - იტალიის ნაკრები ავტომატურად მეოთხედფინალში გავიდა.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 20 იანვარს გამართავს. სავარაუდოდ, ქართველების მეტოქე რუსეთის გუნდი გახდება. საქართველომ ევროპის 12 საუკეთესო გუნდებს შორის ადგილი უკვე გაინაღდა.

ევროპის ჩემპიონატში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 ნაკრები მონაწილეობს. ტურნირის რეგლამენტით, თითოეული კვარტეტის გამარჯვებული მეოთხედფინალში გადის. ნაკრებები, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე და მესამე ადგილებს დაიკავებენ, მერვედფინალში ითამაშებენ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალი 26 იანვარს გაიმართება.

დღეისათვის ქართველი წყალბურთელების საუკეთესო შედეგია - მე-12 ადგილი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე.