„გირჩის“ ლიდერი 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

ზურაბ ჯაფარიძემ თავისი ყველა ანგარიში დახურა, რათა სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხადოს.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. თბილისის სასამართლომ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა, იუწყება პირველი არხი.

ჯაფარიძე პოლიციამ 18 ნოემბერს სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა შევიწროების დროს დააკავა. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდნენ. „გირჩის“ ლიდერთან ერთად კიდევ 36 ადამიანი დააკავეს. მათი საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე გრძელდება. ყველა დაკავებული ამ დროისთვის თავისუფალია.

„გირჩი“: ძალოვანი უწყებები არ უნდა აღმოჩნდეს „ნაცმოძრაობის“ ხელში

პროცესის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ჩემ შემთხვევაში ძალიან გაუგებარია, არ დამიმტკიცდა რაზეც იყო საუბარი, რადგან დაავიწყდათ სამართალდარღვევის ოქმში ჩაეწერათ, რომ მონაწილეობას ვიღებდი პიკეტირებაში. ამიტომ საერთოდ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი და უბრალოდ მომისაჯეს 2000 ლარის გადახდა, ვინაიდან წინააღმდეგობას ვუწევდი თითქოს პოლიციას, რაც არ ყოფილა“, – განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

უფრო ადრე ჯაფარიძემ თავისი ყველა ანგარიში დახურა, რათა სახელმწიფოს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხადოს; ამას გარდა, მის სახელზე არანაირი ქონება არ არის რეგისტრირებული.

ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილით გაათავისუფლეს - აქცია თბილისში გრძელდება>>

თბილისში საპროტექსტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გადასვლასთან დაკავშირებით. მომიტინგეები ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით.