ახალგაზრდა ქართველი პროგრამისტი ქალი Amazon-ის გუნდის წევრი გახდა

პროგრამისტი ამბობს, რომ აშშ-ში ამ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია და მისი მაგალითი კარგი მოტივაცია შეიძლება გახდეს სტუდენტებისთვის საქართველოდან.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ახალგაზრდა პროგრამისტი ქალი ლაკო გრიგალაშვილი ამიერიდან მსოფლიოში უდიდესი ამერიკული ინტერნეტ-კომპანია Amazon-ის გუნდის ახალი მონაწილეა. მან კასტინგი აშშ-ში წარმატებით გაიარა. ლაკო ინჟინერ–პროგრამისტის (Software Engineer) თანამდებობაზე სიეტლში (ვაშინგტონის შტატი), Amazon-ის სათავო ოფისში დაამტკიცეს.

გრიგალაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაულტეტის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად მაგისტრის ხარისხს იღებს სირაკუზის უნივერსიტეტში (Syracuse University), სადაც კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს.

ლაკოს სწავლა მთლიანად ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ეს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული უმსხვილესი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამაა განათლების სფეროში.

ქართველი პროგრამისტი „Sony Playstation“-ის კომპანიაში და მისი ლონდონური ცხოვრება

Amazon-ში მუშაობისთვის გრიგალაშვილმა განაცხადი 2019 წელს შეიტანა და ექვსეტაპიანი რთული კასტინგი გაიარა.

„ზაფხულში გავაგზავნე აპლიკაცია, რომელიც ყოველწლიურად ცხადდება ახალი კურსდამთავრებულებისთვის და დეკემბერში მივიღე შემოთავაზება აღნიშნულ პოზიციაზე... აქ მოსახვედრად მხოლოდ ტექნიკური ცოდნა საკმარისი არაა და თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი, რომ საერთოდ აპლიკაციების შესარჩევი ეტაპი გადავლახე“, – განუცხადა ლაკომ გამოცემა Marketer.ge-ს.

გრიგალაშვილის თქმით, აშშ-ში ამ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია და მისი მაგალითი კარგი მოტივაცია შეიძლება გახდეს სტუდენტებისთვის საქართველოდან.

„მინდა ყველას ვუთხრა, რომ არაფერია იმაში წარმოუდგენელი, რომ ერთ დღეს ისინიც დაიწყებენ „ამაზონში“ ან სხვა დიდ კომპანიაში მუშაობას“, – აღნიშნა ლაკომ.

მუშაობას ქართველი პროგრამისტი 2020 წლის 8 ივნისს შეუდგება, მას შემდეგ, რაც მაგისტრის დიპლომს მიიღებს.