მოძალადე ქმრის მსხვერპლმა ქალმა თავის მოწამვლა სცადა

ექიმებმა 36 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, მოძალადე ქმარი კი, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებულია.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. შიდა ქართლში 36 წლის ქალმა ქმრის მხრიდან ძალადობა და შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავის მოწამვლა სცადა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია. როგორც ირკვევა, იგი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სისტემატურად სცემდა ქალს, სარდაფში ამწყვდევდა და აშიმშილებდა.

სოფელში, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ქალის მდგომარეობის შესახებ იცოდნენ, თუმცა დუმდნენ. ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა ქალმა საწამლავი დალია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ქალი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, იგი საკუთარ სახლში სარდაფში იპოვეს.

20-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ქმრისგან ცოლზე ძალადობის ფორმები უმძიმესი იყო, მაგრამ თანასოფლელები დუმდნენ. საქმე პოლიციამდე მხოლოდ ახლა მივიდა და ისიც სასწრაფო დახმარების ჯგუფის გადაწყვეტილებით. 45 წლის მამაკაცი დაკავებულია, იგი დანაშაულს არ აღიარებს.

მოძალადე ქმრის ოჯახი ძალადობის პროვოცირებაში რძალს ადანაშაულებს.

ექიმებმა ქალის გადარჩენა შეძლეს, იგი უკვე დაკითხეს. გამორიცხული არაა, რომ მოკვლევა დაიწყოს იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომელთაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს არ აცნობეს.