გახარია: ყოფილი გენპროკურორი შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია

მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ირაკლი შოთაძის მისამართით გამოთქმული საქებარი სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ იგი საქართველოს გენერალური პროკურორის სავარძელს ხელმეორედ დაიკავებს.
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დადებითად შეაფასა ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის საქმიანობა და მას პროფესიონალი უწოდა. 

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

ირაკლი შოთაძე, რომლის კანდიდატურაც გენპროკურორის პოსტზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წამოაყენა, თანამდებობის დასაკავებლად კონკურენციას გაუწევს სხვა 13 პრეტენდენტს. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა.

„კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მის კანდიდატურას მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალური პროკურორის პოსტზე შოთაძის საქმიანობისას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ეფექტურად და დროულად იქნა გამოძიებული.

„იყო კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე. იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და საქმეები, სადაც საზოგადოების ინტერესი მაღალი გახლდათ. ეს იყო ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობები, ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები, არაერთი დანაშაული, ნარკოტრეფიკის შემთხვევები, სადაც იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. პროკურატურა მისი ხელმძღვანელობით ამ საქმეებს, ჩემი აზრით, ეფექტურად ახორციელებდა, ებრძოდა ამ დანაშაულს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შოთაძე თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადადგა. ეს მოხდა თბილისში აგორებული საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც სკოლის ორი მოსწავლის – ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა. 

ხორავას ქუჩის საქმე: დღეს მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

„სტატუსები არ არის ყველაზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ბატონმა შოთაძემაც მაშინ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად. ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კანდიდატების რეგისტრაციის მიზნით განაცხადების მიღება 17 იანვრის ჩათვლით იწარმოებს. ამის შემდეგ პროკურორთა საბჭო გამართავს კონსულტაციებს და შეარჩევს სამ კანდიდატს. მათგან ხმათა უმრავლესობით შეირჩევა ერთი და წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

კანონმდებლობის თანახმად, გენერალური პროკურორი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე ნასამართლეობის გარეშე, უმაღლესი იურიდიული განათლებით, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან არის აკადემიური წრეების ან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.