თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმები აქციას მართავენ და კლინიკის სახურავის შეკეთების მიზნით ადმინისტრაციულ შენობასთან ჯებირების აღმართვას აპროტესტებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ლაშა გოგიჩაიშვილის სიტყვებით, აღნიშნული ჯებირები კლინიკის მუშაობისა და პაციენტების მომსახურების პროცესს აფერხებს.
ტერიტორია, რომელზეც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრი მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. იგი კომპანია „ავერსი–ფარმამ“ შეიძინა. ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, ტერიტორიის გაყიდვის შემდეგ ისინი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ აქვთ შენობის გარემონტების შესაძლებლობა, რამდენადაც იგი კერძო საკუთრებაშია გადაცემული.
ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები საპროტექტო აქციებს პერიოდულად მართავენ. გასული წლის ნოემბერში ისინი კომპანია „ავერსის“ მიერ არსებულ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საპასუხოდ კომპანიაში განაცხადეს, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან კლინიკის პერსონალი შენობაში უკანონოდ იმყოფება და მათთვის უცნობია, თუ როდის შეძლებს კანონიერი მფლობელი უკანონოდ დაკავებული ნაგებობების დაბრუნებას.
„მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ განხორციელდება არაერთი ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა, არსებული სერვისების გაფართოება, რათა საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება“, – აცხადებენ კომპანიაში.
ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის პროტესტი წლებია გრძელდება. ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში გამართა მედპერსონალმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა, რამდენადაც შენობა სავალალო მდგომარეობაშია, კერძო კომპანია კი, რომელმაც აღნიშნული ობიექტი შეისყიდა, მათ სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ აძლევს.
სახელმწიფომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის აშენების პირობა სამი წლის წინ დადო, თუმცა პირობა დღემდე არ შესრულებულა.