შემაშფოთებელი სტატისტიკა: თბილისში ყველაზე მეტი ნარკოდამოკიდებული ცხოვრობს

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება ინტერნეტ-გამოწერაა.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი ნარკოდამოკიდებული ადამიანი თბილისში ცხოვრობს. 

ნარკოლაბორატორიები, ნარკოტიკები და „ბიზნესი“ Telegram-ის საშუალებით: პოლიციამ სქემა გახსნა

როგორც ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე გური მენაბდიშვილი აცხადებს, დედაქალაქის შემდეგ ნარკოდამოკიდებულება გავრცელებულია აჭარისა და იმერეთის რეგიონებში. ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად აწუხებს ქალაქ გორს. ამასთან მენაბდიშვილს ნარკოდამოკიდებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.

„ნარკოტიკების გავრცელების მხრივ ერთ-ერთი არის ინტერნეტ-გამოწერა, რომელთანაც სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ამავდროულად არის საშიში და მომხმარებელი რჩება მოტყუებულიც, რადგან მან არ იცის რას ყიდულობს... მაგალითად, ერთი პაციენტი დარწმუნებული იყო, რომ მოიხმარდა ჰეროინს, რეალურად კი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ის სულ სხვა ნივთიერება იყო“, – განაცხადა გური მენაბდიშვილმა პრესკონფერენციაზე.

როგორც მან აღნიშნა, ცენტრში ყველაზე ხშირად მკურნალობენ ბუპრენორფინზე, ამფეტამინსა და მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანები.

დღეისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში 8,8 ათასი პაციენტი მკურნალობს. პაციენტების ასაკის ქვედა ზღვარი 15–17 წელია – ესენი არიან მოზარდები, რომლებიც კლუბურ ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდნენ.

2017 წლიდან საქართველოში ე.წ. მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამა უფასო გახდა, რომლის ფარგლებშიც პაციენტები კონკრეტული ნარკოტიკის სანაცვლოდ მეტადონს იღებენ.