თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 12,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 3,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ამის პარალელურად იმპორტი 0,8%-ით შემცირდა და დაახლოებით 9,1 მლრდ დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 2,7%-ით გაიზარდა და 12,8 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
ექსპორტის ზრდას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის, გასაღების ბაზრის გეოგრაფიის გაფართოებით.
კერძოდ, საქართველოს მთავრობა ექსპორტის შემდგომ ზრდასა და დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას ქმნის.
გასაღების ბაზრები
საქართველო წარმატებით ვაჭრობს მეზობლებთან – წლიდან წლამდე ამ მხრივ ლიდერობენ თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი, ასევე ჩინეთი, ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნები. მონაცემები ამ ქვეყნებთან ექსპორტისა და იმპორტის შესახებ „საქსტატს" ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან. ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან.
ქართული კენკრა აშშ-ში გაიყიდება - ქარელის შემნახველი საწარმო პროდუქციის ექსპორტს იწყებს>>
გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-თან გაფორმების შესაძლებლობაზე. მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს ინდოეთთან. საქართველომ უკვე გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთთან, რომელიც ამოქმედდება Brexit-ის პროცედურის დასრულების შემდეგ.