თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა ყაზახეთში ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის დარგში 13 მედალი აიღეს, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.
ოლიმპიადა 2005 წლიდან იმართება. მასში მონაწილეობენ გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან. თითოეულ გუნდში არ უნდა იყოს შვიდზე მეტი ადამიანი: სამი – მათემატიკის წარმომადგენელი და ორ-ორი დანარჩენ დისციპლინებში, ასევე ერთი ან ორი მასწავლებელი.
ამოცანები ხელმისაწვდომია რუსულ, ყაზახურ და ინგლისურ ენებზე. შედეგები ჯამდება თითოეულ საგანში პირად ჩათვლასა და გუნდურ ჩათვლაში ქულების საერთო რაოდენობით.
ქართველი მოსწავლეები ორი გუნდით იყვნენ წარმოდგენილი. მათ სამი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ხუთიც ბრინჯაოს მედალი აიღეს.
ქართველ სკოლის მოსწავლეებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა თეიმურაზ თოლორაიამ, რომელმაც ოლიმპიადაზე მათემატიკაში 42-დან 42 ქულა აიღო.
ქართველმა მოსწავლეებმა ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლები აიღეს>>
XVI საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს სკოლის მოსწავლეების რეკორდული მაჩვენებელი მონაწილეობდა – 600 მოსწავლე 21 ქვეყნიდან.