თბილისში გრიბოედოვის დაბადების დღეს აღნიშნავენ

დღეს დიპლომატის, პოეტის, კომპოზიტორისა და დრამატურგის ალექსანდრე გრიბოედოვის დაბადებიდან 225 წელი აღინიშნება.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისში 15 იანვარს ტრადიციულად აღნიშნავენ გამოჩენილი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის დაბადების დღეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის პრეს-სამსახურში.

ამ დღეს გრიბოედოველები – მსახიობები და თეატრის თანამშრომლები ყვავილებით შეამკობენ გრიბოედოვის საფლავს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მანამდე კი წმინდა მამა დავითის ეკლესიაში პანაშვიდი აღევლინება.

ალექსანდრე გრიბოედოვი: „იჩქარეთ ტფილისში, ვერ წარმოიდგენთ, ეს რა ფუფუნებაა!"

„შემოდგომაზე გრიბოედოვის იუბილესთან და გრიბოედოვის თეატრის 175 წლისთავთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება პრემიერა სპექტაკლისა „ვაი ჭკუისაგან", რომლის რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი", – აღნიშნეს თეატრში.

ალექსანდრე გრიბოედოვი 1795 წლის 15 იანვარს მოსკოვში დაიბადა. 1803 წლიდან ის მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონის აღსაზრდელი იყო, 11 წლისამ კი უკვე მოსკოვის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.

1828 წლის შემოდგომაზე გრიბოედოვი დაინიშნა თავისი მეგობრის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილზე, 16 წლის ულამაზეს ნინოზე.

დაქორწინებიდან მალევე გრიბოედოვი სპარსეთში დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნდა. გრძნობდა რა მოახლოებულ სიკვდილს, ის თავის მეუღლეს სწერდა, რომ მისი ძვლები სპარსეთში არ დაეტოვებინათ. ნინომ აღასრულა მეუღლის თხოვნა და გრიბოედოვის ნეშტი მთაწმინდაზე დაკრძალა. სწორედ აქედან დაედო საფუძველი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს.

თბილისში გრიბოედოვის დაბადების დღეს აღნიშნავენ

ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულზე დღემდე ლეგენდები დადის. საფლავზე სამხრეთის მხრიდან არის წარწერა: „გონება და საქმენი შენნი უკვდავია რუსეთის ხსოვნაში, მაგრამ მე რად მოვესწარ ამას, სიყვარულო ჩემო", ჩრდილოეთის მხრიდან სხვა წარწერაა: „დაუვიწყარს მისი ნინოსგან".