პოლიციამ მაღაზიიდან მობილური ტელეფონების მოპარვის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავა

სამართალდამცველებმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „აისაფორთში" მომხდარი ქურდობის ფაქტი „ცხელ კვალზე“ გახსნეს.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „აისაფორთში" მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნილია – პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში: შსს-მ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

დაკავებული 20 წლის მამაკაცია. გამოძიებამ დადგინა, რომ მან მიმდინარე წლის 12 იანვარს მაღაზია „აისაფორთიდან" მობილური ტელეფონები და ფული მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა მეორე დღეს დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები და მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში უკანონოდ შეღწევით ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.