სროლა კლუბ „ბასიანთან": ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ღამის კლუბთან სამი ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობაში დაელოდება.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა გამოიყენა. ის ღამის კლუბ „ბასიანთან" სამი ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული, იუწყება ტელეკომპანია TV Pirveli.

სროლა კლუბთან თბილისში: ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოდან გაწერეს>>

შაბათს, ღამით კლუბ „ბასიანთან" მამაკაცმა სროლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ის ღამის კლუბში არ შეუშვეს. ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი ქალი და ორი მამაკაცი. ეჭვმიტანილი „ცხელ კვალზე“ საკუთარ სახლთან დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, 23 ვაზნა და 6 დანა.

კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და არგუმენტები, რომელიც ჩაჩხიანისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

გამოძიება თავდაპირველად დაიწყო ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლებით. თუმცა შემდეგ, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, საქმეს მიეცა სხვა კვალიფიკაცია – ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება და ხულიგნობა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩაჩხიანს ცხრიდან 13 წლამდე პატიმრობა ელოდება.