თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. უამინდობისა და დიდთოვლობის გამო შუახევის მოსახლეობის 20%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შუახევის მერიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ძლიერი ნალექი და თოვაა, რამაც სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და დღის მეორე ნახევრისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება.
აჭარის მაღალმთიანეთში მეორე დღეა თოვს, სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, შუა ზონაში 50 სანტიმეტრი, ხოლო დაბაში – 30 სანტიმეტრია.
მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდა უკვე დაიწყო, რაშიც მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის შვიდი და მერიის ერთი ერთეული ტექნიკაა ჩართული. ამ დროისთვის თოვლის საფარისგან გაწმენდილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთი და ტექნიკა სხვა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდას აგრძელებს.