თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპით დაავადებული პაციენტების რაოდენობამ იმატა – კლინიკაში 68 ბავშვი მკურნალობს, იუწყება პირველი არხი.
პედიატრ თამარ ქრისტესაშვილის განცხადებით, ყველა პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„კლინიკაში მომართვიანობა რჩება ისევ მაღალი. ამ დროისათვის კლინიკაში 68 პაციენტი მკურნალობს გრიპის და გრიპის მაგვარი ინფექციის დიაგნოზით. დაფიქსირდა უფროსი ასაკის ბავშვებში გართულება პნევმონიის დიაგნოზით. ძირითადი ჩივილი არის ცხელება", – განაცხადა ქრისტესაშვილმა.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, იქ პაციენტების მიმართვიანობა შედარებით შემცირდა. ამ დროისთვის მკურნალობს 29 პაციენტი. უმეტესობას აღენიშნება В ტიპის გრიპი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკას დღეში საშუალოდ 15 ადამიანი მიმართავს.
გრიპით დაინფიცირების შემთხვევებზე ახალი მონაცემები 13 იანვარს გახდება ცნობილი. იანვრის პირველ კვირაში 191 შემთხვევა დაფიქსირდა.
სპეციალისტების განცხადებით, საქართველო ეპიდემიოლოგიური ზღვრიდან შორს არის. ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც 100 ათას მოსახლეზე 450-500 ადამიანი ავადდება.
ამ სეზონში პრევალირებს В ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და საშუალო სიმძიმისაა. სწორედ ამიტომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ნაკლებია.