თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ვაშინგტონი მზადაა ირანთან მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე, რათა რეგიონში დაძაბულობამ იკლოს, ნათქვამია გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის კელი კრაფტის მიერ უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში, იუწყება სააგენტო Reuter დოკუმენტზე დაყრდნობით.
კრაფტის თქმით, აშშ ისწრაფვის შეაჩეროს „ირანული რეჟიმის“ საფრთხე, რომელიც მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას ემუქრება.
ამასთან კელი კრაფტი ხაზს უსვამს, რომ ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის მკვლელობა „გამართლებულია“ გაეროს წესდების 51-მუხლით, რომელიც სახელმწიფოს თავდაცვის უფლებას ანიჭებს.
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, ამერიკის ავიაშეტევა ირანის შიიტურ დაჯგუფება „ალ-ჰაშდ აშ-შააბიზე“ 2019 წლის 29 დეკემბერს — „ეს იყო პასუხი ირანისა და მისი მხარდამჭერი ფორმირებების მიერ აშშ-ის ძალებზე მიტანილ სერიულ თავდასხმებზე“.
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა, რომელსაც ანტიამერიკული აქციების ორგანიზატორად მიიჩნევდა. თეირანმა პირობა დადო, რომ აუცილებლად იძიებდა შურს გენერლის მკვლელობისთვის, რისთვისაც 13 სცენარი ჰქონდა შემუშავებული.
8 იანვრის ღამით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების ოპერაციას იწყებდა და ერაყში, ერბილეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუტია „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებით.
ირანული ტელეარხი Press TV-ს განცხადებით, შეტევის შედეგად 80 ადამიანია დაღუპული, რის პასუხადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ამერიკელთა შორის მსხვერპლი არ არის.
ამასთან, ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ამერიკულ ბაზებზე შეტევას „შეერთებული შტატებისთვის ალიყური“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკულმა არმიამ რეგიონი უნდა დატოვოს. ირანის თავდაცვის მინისტრმა ამირ ჰათამიმ არ გამორიცხა დამატებითი ზომების გატარება აშშ-ის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ თეირანის ნაბიჯები ვაშინგტონის ქმედებების პროპორციული იქნება.
8 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ აშშ თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამასთან, მოუწოდა საერთაშორისო შუამავლებს, გავიდნენ ირანის ატომური გარიგებიდან. ამერიკის ლიდერის თქმით, „ყველაფრიდან ჩანს, რომ ირანი უკან იხევს და ეს კარგია მთელი მსოფლიოსთვის“.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თქმით, სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი სიგნალს უგზავნის მოკავშირე ფორმირებას, არ შეუტიონ ამერიკულ სამიზნეებსა და სამოქალაქო პირებს.