„ცუდად გავხდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ ჩემთან მოფრინავდნენ“– მშვიდობა თქვენს სახლებს!

მტრედი რომ მშვიდობისმოყვარე ფრინველად ითვლება, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ უჩვეულოდ ის ფაქტი მომეჩვენა, რომ სრულიად შემთხვევით ახალი წლის დღეებში ამ უწყინარი, ლამაზი ფრინველების ადგილსამყოფელი თბილისის ერთი კერძო პროფილაქტიკის მეპატრონესთან აღმოვაჩინე...
Sputnik

მათზე შეყვარებული პიროვნება, პროფესიით სტომატოლოგი, ბატონი მამუკა კვირიკაშვილი გახლავთ. სპეციალურად მათთვის აგებულ პატარა „სახლში“ მას სხვადასხვა ჯიშის მტრედები ჰყავს.

„ცუდად გავხდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ ჩემთან მოფრინავდნენ“– მშვიდობა თქვენს სახლებს!

- ბატონო მამუკა, ვიცი, რომ პროფესიით ბიოლოგი არ ხართ და მტრედებით თქვენი გატაცება ორი დღის ამბავი ნამდვილად არ იქნება...

- ბიოლოგი ნამდვილად არ ვარ, მტრედებით ჯერ კიდევ მამაჩემი იყო გატაცებული, მას ბევრი მტრედი ჰყავდა. ვუყურებდი მათ ურთიერთობას და მომწონდა. მერე მეც გამიჩნდა სურვილი, რომ მტრედები მყოლოდა. დღეს 25 მყავს, ოჯახის წევრებივით არიან...

- რთული მოსაშინაურებელი ფრინველი ნამდვილად არ იქნება...

- რთული არა, რაღაცნაირი თბილი ფრინველია, თუ მიეჩვიე, მერე მათ გარეშე ცუდად ხდები. ანალოგიურად ისინიც ადვილად გეჩვევიან და ვეღარ მოგშორდებიან.

„ცუდად გავხდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ ჩემთან მოფრინავდნენ“– მშვიდობა თქვენს სახლებს!

- არა მგონია, რომ მტრედები თქვენთვის შემოსავლის წყარო იყოს...

- არა, შემოსავლის წყაროდ მტრედები ვერ გახდება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ერთ მტრედში 300 დოლარიც მიმიცია. თუმცა მე მაგით ფულს ვერ გავაკეთებ და ვერ გავმდიდრდები.

- თუ ყოფილა პერიოდი, რომ მათ გარეშე გადაწყვიტეთ ცხოვრება?

- ერთი პერიოდი ისინი მოვიშორე და ძალიან ცუდად გავხდი. თქვენ წამოიდგინეთ, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ ჩემთან მოფრინავდნენ. როცა ვეღარ გავძელი, ისევ მოვიყვანე... თვითონაც ადვილად ეჩვევიან ადამიანს და საოცარ სითბოს ავლენენ. როცა დამინახავენ, მაშინვე ჩემთან ჩნდებიან. ეს ისეთი პოზიტივით და დადებითი ენერგიით გავსებს, რომ მათ გარეშე ვერ ძლებ.

- რა უყვართ, რით იკვებებიან?

- ძალიან უყვართ ყველი, განსაკუთრებით სულგუნს მიირთმევენ სიამოვნებით. კიდევ წიწიბურა, ბრინჯი, მზესუმზირა უყვართ.

„ცუდად გავხდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ ჩემთან მოფრინავდნენ“– მშვიდობა თქვენს სახლებს!

- საკუთარი სახელებიც აქვთ?

- მათი ჯიშის მიხედვით ვეძახი ხოლმე. ისე, სტვენით ვუხმობ და მაშინვე ჩემთან ჩნდებიან, ცალ-ცალკე ან ყველა ერთად.

- წერილების მიტანა თუ შეუძლიათ ადრესატამდე?

- არა, ესენი „ფოსტალიონები“ არ არიან. ამისთვის სხვა ჯიშის მტრედები არსებობს. ესენი მარტო ფრინველები არ არიან, ოჯახის წევრებივით არიან. მათ გარდა ორი ძაღლიც მყავს. მოკლედ, რაც თავი მახსოვს, სულ მაგ დღეში ვარ... საერთოდ, სტომატოლოგიური მაქვს დამთავრებული კრასნოდარში. საქართველოში არეული დრო რომ იყო, სწორედ მაშინ ჩამოვედი, მშობლების მოთხოვნით.

„ცუდად გავხდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ ჩემთან მოფრინავდნენ“– მშვიდობა თქვენს სახლებს!

- იქ თუ გყავდათ მტრედები?

- დიახ, მტრედები კრასნოდარშიც მყავდა. იქაური ერთი მეზობელიც იყო ამ ფრინველებით გატაცებული და ბევრი რამ მისგანაც ვისწავლე.

- ახალ წელს რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?

- ჩემი და ჩემი ლამაზი მეგობრების, მტრედების სახელით ვისურვებდი, რომ ყველა ქართველის ოჯახში და მთელ ქვეყანაში მშვიდობა იყოს, სიყვარული და სიკეთე არ მოგაკლდეთ!..