ჯანო ანანიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ქართველი ფეხბურთელი თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე მყოფ გუნდში გააგრძელებს გამოსვლას.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის" შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ტოვებს რუსეთს და თურქეთში გადადის, ამის შესახებ გაზეთი „ახალი თაობა" წერს.

ჯანო ანანიძემ მატჩის დროს მეტოქეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

სათამაშო სეზონის დასრულებამდე ანანიძე იჯარის უფლებით თურქულ „დენიზლისპორში" ითამაშებს. კლუბი ამჟამად თურქეთის ჩემპიონატში 22 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

უახლოეს მატჩს თურქეთის თასის გათამაშებაში კლუბი „ტრაბზონის" წინააღმდეგ 16 იანვარს გამართავს.

27 წლის ჯანო ანანიძე „სპარტაკში" თითქმის 11 წელია თამაშობს – 2009 წლის 1 ივლისიდან, თუ არ ჩავთვლით ორ იჯარას – „როსტოვსა" და „კრილია სოვეტოვში". მოსკოვის კლუბის შემადგენლობაში ანანიძემ 16 გოლი გაიტანა.

„სპარტაკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ანანიძის კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის 30 ივნისს იწურება.