ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული კატარში გამოიცა

ქეთევან დუმბაძემ დოჰაში გამომცემლებს საჩუქრად იბნ ალ-მუკაფას იგავების „ქილილა და დამანას" ქართული თარგმანი წაუღო.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ყველა თაობის საყვარელი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული კატარში არაბულ ენაზე გამოიცა, ამის შესახებ მწერლის ქალიშვილმა ქეთევან დუმბაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

ქეთევან დუმბაძე თავად გაემგზავრ დოჰაში, რათა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა თარგმანის პრეზენტაცია.

ნოდარ დუმბაძის ოცნება რომელიც მისმა შვილიშვილმა აისრულა

როგორც ქეთევან დუმბაძე წერს, კრებულის თარგმანის ავტორთან საოცარი ისტორიაა დაკავშირებული. სუდანის მცხოვრებმა აბდულრაჰმან აბუ ზიქრამ მოთხრობები ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში თარგმნა და გარდაცვალებამდე საკუთარ მეგობარს მუსტაფა მუბარაქ მუსტაფას დაუტოვა, რომელმაც შემოინახა საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ფურცლები, თავად დაასრულა რამდენიმე მოთხრობის თარგმანი და გამოსცა კიდეც.

ქეთევან დუმბაძემ დოჰაში გამომცემლებს საჩუქრად აბუ მუჰამად აბდ ალ-ლაჰის, რომელიც ცნობილია როგორც იბნ ალ-მუკაფა, იგავების „ქილილა და დამანას" ქართული თარგმანი წაუღო. თარგმანის ავტორია გიორგი ლობჟანიძე.

როგორც დუმბაძის ქალიშვილი აღნიშნავს, წიგნის გამოცემა კატარის ხელისუფლებისა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლობის წყალობით გახდა შესაძლებელი.

ნოდარ დუმბაძე საქართველოში ერთ-ერთი საყვარელი მწერალია და განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის მოთხრობები და რომანები „მარადისობის კანონი", „მე ვხედავ მზეს", „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „თეთრი ბაირაღები", „კუკარაჩა", „ჰელადოსი" და ა.შ.